სომხეთის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევმა ნახევარმცველმა ჰენრიხ მხითარიანმა შესაძლოა კარიერა მილანის "ინტერში" გააგრძელოს. როგორც Gazzetta dello Sport-ი იუწყება, "ნერაძურის" თავკაცს ლუჩანო სპალეტის შეტევის გასაძლიერებლად ჰენრიხი მოუთხოვია. ასევე, მხითარიანიც მზადაა "ინტერში" გადავიდეს.
ჯერჯერობით უცნობია "მანჩესტერ იუნაიტედის" პოზიცია აღნიშნულ მოლაპარაკებასთან დაკავშირებით. "ინტერს" ფეხბურთელის იჯარით აყვანა სურს, ხოლო გამოცემის ცნობით ინგისელები მზად არიან ფეხბურთელი 35 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაყიდონ.
მხითარიანი მანჩესტერელებმა 2016 წელს "დორტმუნდიდან" 42 მილიონ ევროს სანაცვლოდ იყიდეს. გასულ სეზონში სომეხმა 41 მატჩში 11 გოლი გაიტანა. მიმდინარე წელს კი 19 დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლთან ერთად 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. პრემიერლიგაში თამაშის დაწყების შემდეგ, მხითარიანის სატრანსფერო ღირებულება 37-დან 35 მილიონ ევრომდე დაეცა.