საფრანგეთის ლიგა 1-ის ბინადარ “ლილს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. როგორც ფრანგული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, ამიერიდან კლუბში კრისტოფ გალტიე იმუშავებს.
51 წლის სპეციალისტი თავისი მოვალეობის შესრულებას 29 დეკემბერიდან შეუდგება, ხოლო დებიუტი 6 იანვარს, საფრანგეთის თასზე “ლე მანთან” შეხვედრაში ექნება.
გალტიეს მთავარი მწვრთნელის პოსტზე აქამდე მხოლოდ “სენტ ეტიენში” უმუშავია, რომელსაც 2009-2017 წლებში ედგა სათავეში. “ლილში” კი ფეხბურთელობისას ირჯებოდა 1987-1990 წლებში.
კრისტოფ გალტიემ მარსელო ბიელსა შეცვალა, რომელიც ერთი კვირის წინ წარუმატებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს. “ლილი” 19 ტურის შემდეგ ამდენივე ქულით გასავარდნ ზონაში იმყოფება.