ფეხბურთი

13:43 | 23.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ალოგიკური, მაგრამ პრაგმატული "ჩოლო"

მადრიდის “ატლეტიკო” იქ დაეცა, სადაც ფეხი არ უნდა დასცდენოდა და სადაც, ნიადაგი წესით მშრალი უნდა ყოფილიყო. დიეგო სიმეონეს კიკე სანჩეს ფლორესთან აქამდე არასდროს ჰქონდა წაგებული. მეტიც, ფანტასტიკური სტატისტიკით იწონებდა თავს (პრინციპში ახლაც იწონებს) 10 გამარჯვება, 1 ფრე და 0 მარცხი.

და, დიეგო სიმეონეს გაწვრთნილმა გუნდმა კიკე ფლორესის დამოძღვრილ გუნდთან პირველად წააგო. სერხიო გარსიას 89-ე წუთზე გატანილი გოლით “ესპანიოლმა” “ატლეტიკოს” აჯობა და ეს იყო არამარტო სიმეონეს პირველი წაგება, არამედ “როხიბლანკოს” პირველი მარცხი ლა ლიგის ბოლო 20 შეხვედრაში.

“ეს იყო თანაბარი და რთული მატჩი. ჩვენ შეცდომები დავუშვით, მეტოქემ – არა. ამიტომაც, დავმარცხდით. “ესპანიოლმა” ტაქტიკურად ბევრად გამართულად ითამაშა. 20 თამაშის შემდეგ პირველი წაგება ეს წინ გადადგმული ნაბიჯია და არა უკან. იმედი მაქვს, რომ 20-მატჩიან წაუგებელ სერიას ისევ ჩავატარებთ”, - აღნიშნა ნამატჩევს სიმეონემ.

ჰო, გუშინდლამდე “ატლეტიკოს” ბოლოს 25 აპრილს (“ვილიარეალთან”) ჰქონდა წაგებული. უცნაურია, მაგრამ ასევე “ვილიარეალთან” წააგო მადრიდულმა გუნდმა ლა ლიგაში ბოლო საგარეო შეხვედრა და ეს ერთი წლის წინ, 2016 წლის დეკემბერში მოხდა. თუმცა, ოდესღაც ხომ ყველაფერი სრულდება. და მაინც, იქნებ, ცოტა ალოგიკურადაც ჩანდეს ასეთი განცხადება, რომ თითქოს 20-მატჩიანი წაუგებელი სერიის დასრულება კარგია - რა ვიცით, რა ვიცით...

არადა, რა შანსი ჰქონდა “ატლეტიკოს”? – დღეს “ელ კლასიკოა”, “რეალი” “ბარსელონადან” ორივე თუ არა, ერთ-ერთი ხომ უეჭველად დაკარგავს ქულებს და შესაბამისად, “როხიბლანკოს” სიტუაციის გაუმჯობესების შანსიც ჰქონდა, მაგრამ...

ყველა სიკეთესთან ერთად, გეგმები “ჩოლოსაც” შეეცვალა და “ესპანიოლთან” წაგების მერე, საინტერესო განცხადება გააკეთა:

“არ ვაპირებ “ელ კლასიკოს” ყურებას. ჩემთვის ბევრად მნიშვნელოვანი “ვალენსია” – “ვილიარელის” მატჩია. ეს უფრო მეტად მაინტერესებს”, - თქვა დიეგომ.

რა გასაკვირია, არგენტინელი პრაგმატული პიროვნებაა და ეს უკვე წლებია მისი გუნდის თამაშიდანაც ჩანს. ახლა, სიმეონე კარგად ხვდება, რომ მთავარი კონკურენტი არა “ბარსელონა”, არამედ “ვალენსიაა”, რომელსაც მხოლოდ 2 ქულით უსწრებს და ბუნებრივია, “ღამურების” გამარჯვების შემთხვევაში მეორე ადგილსაც დაკარგავს...

0.064946