ლონდონის “არსენალი” შესაძლოა ესპანელმა მიკელ არტეტამ ჩაიბაროს. The Telegraph-ის ინფორმაციით, 35 წლის არტეტა არსენ ვენგერის მთავარ მემკვიდრედ განიხილება და სწორედ ის ჩაიბარებს “მეთოფეებს” ფრანგი მწვრთნელის გუნდიდან წასვლის შემდეგ. ვენგერს კი მიმდინარე ხელშეკრულება 2019 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
მიკელ არტეტას დიდი სამწვრთნელო გამოცდილება არ გააჩნია. 2016 წლიდან “მანჩესტერ სიტიში” პეპ გვარდიოლას თანაშემწეა.
საფეხბურთო კარიერა კი “არსენალში” დაასრულა 2016 წლის ზაფხულში. ლონდონურ გუნდში მან 5 წლის განმავლობაში ითამაშა და ბოლო ორი სეზონი კაპიტანიც იყო.
მიკელ არტეტამ საფეხბურთო კარიერა “ბარსელონაში” დაიწყო, მაგრამ მთავარ გუნდში არ უთამაშია. სხვადასხვა დროს იცავდა “პარი სენ ჟერმენის”, “რეინჯერსის”, “სოსიედადისა” და “ევერტონის” ღირსებას.