ზაზა ფაჩულია ტრავმირებულია. “გოლდენ სტეიტის” ქართველმა ცენტრმა მხრის ტრავმა 3 დეკემბერს, “მაიამისთან” მატჩში მიიღო და მას შემდეგ მოედანზე ერთხელ, ისიც 5 წუთით გამოჩნდა, მაგრამ ტკივილმა შეაწუხა.
დღეს, გამთენიისას, “გოლდენ სტეიტმა” ლოს ანჯელესში “ლეიკერსს” დაძაბულ, ოვერტაიმიან ბრძოლაში 116:114 სძლია. მატჩის გმირი კევინ დიურანტი გახდა, რომელმაც 36 ქულიდან 12 ოვერტაიმში ჩააგდო და ოკლენდელებს გაამარჯვებინა.
ეს გახლდათ “გოლდენ სტეიტის” ზედიზედ მე-9 გამარჯვება, თუმცა დასავლეთ კონფერენციაში ფაჩულიას გუნდმა ლიდერობა ვერ მოიპოვა. პირველზე 25 მოგებითა და 5 მარცხით “ჰიუსტონია”, გოლდენსტეიტელებს კი 24 მოგების წილ 6 მარცხი აქვთ.
მორიგ მატჩს ფაჩულიას გუნდი 21 დეკემბერს, შინაურ არენაზე, “მემფისთან” გამართავს. სწორედ ამ მატჩის დაწყების წინ ამერიკის ჰიმნს შეასრულებს ქართული ანსამბლი “შვიდკაცა”, რომლის წევრებიც უკვე კალიფორნიაში არიან. მათ ზაზა ფაჩულია მასპინძლობს, რომელიც მომღერლებს სან ფრანცისკოს აეროპორტში დახვდა და ერთ-ერთ რესტორანშიც უმასპინძლა.
gbf.ge