ფეხბურთი

10:22 | 19.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

„ნახალოვკა“ თბილისის მერიის სუპერთასის მფლობელია

კვირას, 17 დეკემბერს, 15:00 საათზე, 35-ე სკოლის საფეხბურთო სტადიონზე-"მარაკანა", „თბილისის მერიის სუპერთასის“ ფინალი გაიმართა, რომელიც თბილისის მერიის, სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდისა და ფეხბურთის ფედერაციის ერთობლივი პროექტია. ფინალურ მატჩში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ თბილისის უმაღლესი ლიგისა და თბილისის მერიის თასის გამარჯვებულები, „სეუ“ და „ნახალოვკა“.

მატჩის დასაწყისი ორმხრივ შეტევებში წარიმართა, თუმცა “სეუს” შეტევები უფრო სახიფათო იყო და ერთ-ერთი ასეთი ბრწყინვალედ გათამაშებული კომბინაციის შემდგომ გიორგი მოდებაძემ მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო და „სეუ“ დააწინაურა. გატანილი გოლის შემდეგ „სეუს“ რამდენჯერმე მიეცა უპირატესობის გაზრდის შანსი, თუმცა გადამწყვეტ მომენტში არ უმართლებდათ. ერთ-ერთი ამგვარი გაფუჭებული მომენტის შემდეგ დაწყებული კონტრიერიში გიორგი ალავიძემ გოლად აქცია და მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ანგარიში გაათანაბრა.

საბოლოოდ, მატჩის ბედი საფეხბურთო ლატარიამ გადაწყვიტა, სადაც უფრო ზუსტები „ნახალოვკის“ ფეხბურთელები აღმოჩდნენ (4:1) და თბილისის მერიის სუპერთასიც დაისაკუთრეს. გამარჯვებულ გუნდს, ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით, თასი და სიმბოლური პრიზები გადაეცა.

პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან:

ტელეკომპანია„აჭარა“, ტელეკომპანია„თრიალეთი“.

ინტერნეტპორტალები: “sportstar.ge”, „worldsport.ge“,“1news.ge”, “epn.ge”, რადიო„ჯაკო“.

საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია

0.274748