ფეხბურთი

16:12 | 18.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

“დახარჯე ცოტა, მოითხოვე ბევრი”

საქართველოში და კერძოდ ფეხბურთში ხშირად ჩანს, რომ მინიმალური რესურსით მაქსიმალურს ითხოვენ. სხვა ამბებს არ გამოვეკიდები, შემდუღებელს რომ ფრანგული ენის ცოდნას სთხოვენ და ყოველდღიურ სამსახურში 300 ლარს სთავაზობენ, ეგ კიდევ ცალკე. მსგავსი რამდენია...

ფეხბურთში კი ხშირად იტყვიან-ხოლმე, "აღარ მოდიან ნიჭიერები”, “ყველას თავში უვარდება”, “მერსედესს მოაჯდებიან და ფეხბურთი აღარ უნდათ”.

ეს ძალიან იოლია, ყველაზე იოლი გამოსავალი. დააბრალე რამე უცებ, რაც პირზე მოგადგება... კი ბატონო, ბევრი ფუჭდება, მაგრამ ყველა ასეთია? ყველას თავში უვარდება? ბარემ ის ვთქვათ, რომ კლუბებში ძალიან ცოტა კეთდება საიმისოდ, რომ ფეხბურთელად გაიზარდო. ძალიან ცოტა.

დახარჯე ცოტა, მოითხოვე ბევრი – ასეთია ქართული საკლუბო მენეჯმენტი.

მენეჯმენტის არქონას დაემატა გულარხეინობაც. მთავრობა კლუბებს წელიწადში მილიონ ლარს უხდის, მაგრამ აქ ისე გაიგეს, რადგან მზამზარეული ფული შემოდის, შენ არაფერი აღარ უნდა დაამატო, ან თუ უნდა დაამატო, ცოტა... და არ მესმის, რატომ აძლევენ ამდენის უფლებას.

რამდენიმე წლის წინ, ვასილ მაისურაძის გაწვრთნილმა თბილისის “ლოკომოტივის” ასაკობრივმა გუნდმა 1:0 მოუგო "ბარსელონას". ასევე, მაისურაძის ნაკრებმა ხუთი წლის წინ 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ითამაშა და იმ ნახევარფინალშიც, ჰოლანდიასთან, მსაჯმა წააგებინა. ეს იმიტომაც ხომ არა, რომ კლუბებში კარგად მომზადებული ჭაბუკები იყვნენ? სხვაგვარად, მაისურაძე სასწაულმოქმედი კი არ არის, უჭმელ-უსმელი ჭაბუკებით მიეღწია ამ შედეგებისთვის.

შორს რომ არ წავიდეთ და მაინცდამაინც თაობების შედარება არ დავიწყოთ (რაც ვითომ თავის გამართლების კიდევ ერთი საშუალებაა-ხოლმე), წელიწადნახევრის წინ “ლოკოს” ასაკობრივმა თურქულ “ტრაბზონსფორს” 2:0 სძლია. ტრაბზონელთა იმ შემადგენლობის ექვსი ფეხბურთელი კი თურქეთის 17 და 19-წლამდელთა ნაკრების წევრი იყო.

ასეთი მაგალითი სხვა ქართული გუნდებიდანაც შეიძლება მოვიყვანოთ, ვინმეს რომ არ ეგონოს, თითქოს მხოლოდ ერთ კლუბზეა საუბარი...

დღეს კი არა მხოლოდ ვასილ მაისურაძის, არამედ ყველა ნორმალური და საქმის მოყვარული მწვრთნელის აზრია, რომ იმ კლუბებში, სადაც ფინანსური საშუალებები აქვთ, არასწორი მიმართულებებია; რომ ხელშეწყობა არ არის ახალგაზრდა თაობისთვის და რომ ხუთი-ათი წლის მერე საერთოდ სავალალო მდგომარეობა გვექნება. და როცა ამას იძახი, მტერი ჰგონიხარ ადამიანს.

როგორც გავიგეთ, 2018 წლიდან ასე აღარ იქნება და ჰარი-ჰარალოზე ვერ მიიღებენ კლუბები ფულს. დაიხარჯება ინფრასტრუქტურაზე. ვნახოთ, გამოჩნდება, რა და როგორ...

0.117655