ფეხბურთი

1:31 | 18.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

კაკაც წავიდა...

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რიკარდო კაკამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. აღნიშნული ინფორმაცია თავად 35 წლის ბრაზილიელმა გაავრცელა საკუთარი ტვიტერის გვერდის მეშვეობით.

“ეს იყო უფრო მეტი, ვიდრე წარმოვიდგენდი. მადლობა! ახლა მზად ვარ ახალი თავგადასავლებისთვის”, - დაწერა სამხრეთამერიკელმა.

კაკამ საფეხბურთო კარიერა “სან პაულუს” აკადემიაში დაიწყო, სადაც 1994-2000 წლებში იმყოფებოდა, ხოლო 2001 წელს მთავარ გუნდში ჰქონდა დებიუტი. ნიჭიერმა შემტევმა ყურადღება მალევე მიიქცია და 2002 წელს, ბრაზილიის ნაკრების განაცხადში იყო მსოფლიოს ჩემპიონატზე. მართალია, აზიურ მუნდიალზე არ უთამაშია, მაგრამ ოქროს მედალი მაინც მოიგო. 2003 წელს კაკა იტალიურ “მილანში” გადაბარგდა და სწორედ “როსონერის” უკავშირდება მისი კარიერის ოქროს წლები.

იტალიურ გრანდში რიკარდო 6 წლის განმავლობაში დარჩა და მსოფლიოს გამორჩეულ ვარსკვლავად იქცა. შემდეგ კაკა მადრიდის “რეალმა” შეიძინა, თუმცა მისი ესპანური კარიერა ისეთი შთამბეჭდავი ვერ გამოდგა, როგორც იტალიური. შედეგად, 2013 წელს “მილანში” დაბრუნდა, მაგრამ დროებით – ერთი წლის თავზე უკვე მშობლიურ “სან პაულუს” მიაშურა. კაკას კარიერაში ბოლო გუნდი ამერიკული “ორლანდო სიტი” აღმოჩნდა, რომელიც 2 თვის წინ დატოვა. ამ დრომდე ბრაზილიელს ბუცების ლურსმანზე დაკიდების გადაწყვეტილება მიღებული არ ჰქონდა.

რაც შეეხება ჯილდოებს – კაკას აქტივში იტალიისა და ესპანეთის ჩემპიონობა, ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, ევროპის სუპერთასი, იტალიის სუპერთასი, ესპანეთის თასი და მსოფლიოს ჩემპიონატია. ინდივიდუალურად კი ყველაზე დიდ წარმატებას 2007 წელს უწია, როდესაც “ოქროს ბურთი” მოიგო.

უცხოურ მედიას თუ დავეყრდნობით, კაკა უახლოეს ხანებში “მილანის” მენეჯმენტში დასაქმდება.

0.122181