პრემიერლიგის მე-18 ტურის ცენტრალურ მატჩში “მანჩესტერ სიტიმ” “ეტიჰად სთედიუმზე” “ტოტენჰემს” უმასპინძლა და ზედიზედ მე-16 გამარჯვება იზეიმა.
“ქალაქელებმა” მეტოქეს ძალიან აჯობეს, ყველა სათამაშო კომპონენტში დაჩაგრეს და შეიძლებოდა, რომ კიდევ უფრო დიდი სხვაობით მოეგოთ. მასპინძლებმა ტაიმი ილქაი გიუნდოგანის ზუსტი თავურით მოიგეს, ხოლო მეორე ნახევარში კიდევ სამი ბურთი გაუტანეს. 70-ე წუთზე კევინ დე ბრუინმა ერთი მეტოქე ჩამოიშორა და მახვილი კუთხიდან ძლიერად დაარტყა, რომელსაც უგო ლორისი ვერ გაუმკლავდა და მატჩის ბედი გადაწყდა. ხუთ წუთში გაბრიელ ჟეზუსსაც მართებდა გატანა, მაგრამ 11-მეტრიანიდან ძელს მოარტყა ბურთი, ხოლო დამატებაზე რაჰიმ სტერლინგმა ცარიელ კარს ააცილა ბურთი. ამ უკანასკნელმა მალევე მოახერხა შეცდომის გამოსწორება და ათწუთიან მონაკვეთში დუბლი გაიფორმა, ხოლო ლონდონელთაგან პრესტიჟის ბურთი 93-ე წუთზე კრისტიან ერიკსენმა შეაგდო – 4:1.
საშინაო მატჩებში მინიმალური სხვაობით იმარჯვეს “ჩელსიმ” და “არსენალმა”. “არისტოკრატებმა” მარკოს ალონსოს შესანიშნავი ჯარიმით “საუთჰემპტონი” დაამარცხეს, ხოლო “მეთოფეებმა” მესუთ ოზილის ძალიან ლამაზით გოლით სძლიეს “ნიუკასლს”.
მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა “კინგ პაუერ სთედიუმზე”, სადაც ადგილობრივი “ლესტერი”, რომელსაც ოთხმატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდა, “კრისტალ პალასთან” უშანსოდ დამარცხდა. “არწივებმა” ტაიმი ზაჰას და ბენტეკეს გოლებით მოიგეს, ხოლო 90-ე წუთზე საკომ სხვაობა გამანადგურებელი გახადა – 0:3.
ასეთივე ანგარიშით იმარჯვა “ვესტ ჰემმაც”, რომელმაც “ბრიტანია სთედიუმზე” “სტოკი” არ დაინდო. ერთი ბურთი ყოფილ გუნდს მარკო არნაუტოვიჩმა გაუტანა.
კიდევ ერთმა სტუმარმა იმარჯვა სამბურთიანი სხვაობით: “ჰადერსფილდმა” მოულოდნელად “უოტფორდი” გაანადგურა, ხოლო “ბრაიტონის” და “ბარნლის” დაპირისპირება გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.
მანჩესტერ სიტი – ტოტენჰემი 4:1 (1:0)
გოლები: 1:0 გიუნდოგანი (13), 2:0 დე ბრუინი (70), 3:0, 4:0 სტერლინგი (80; 90), 4:1 ერიკსენი (93)
75-ე წუთზე ჟეზუსმა პენალტი ვერ გაიტანა (ძელი)
ჩელსი – საუთჰემპტონი 1:0 (1:0)
გოლი: ალონსო (45+3)
არსენალი – ნიუკასლი 1:0 (1:0)
გოლი: ოზილი (23)
ლესტერი – კრისტალ პალასი 0:3 (0:2)
გოლები: 0:1 ბენტეკე (19), 0:2 ზაჰა (40), 0:3 საკო (94)
გაძევება: ნდიდი (61)
სტოკი – ვესტ ჰემი 0:3 (0:1)
გოლები: 0:1 ნობლი (19 პენ.), 0:2 არნაუტოვიჩი (75), 0:3 სახო (86)
უოტფორდი – ჰადერსფილდი 1:4 (0:2)
გოლები: 0:1 კაჩუნგა (6), 0:2, 1:4 მუი (23; 89 პენ.), 0:3 დეპოიტრე (50), 1:3 დაკური (68)
გაძევებები: დინი (33 უ.) – ჰოგი (61 ჰ.)