ფეხბურთი

23:33 | 16.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგური ენდშპილი

ბუნდესლიგის პირველი წრის ბოლო ტურში მოვლენები დრამატულად განვითარდა. შაბათს გამართული ექვსიდან ხუთი მატჩის ბოლო წამებზე გადაწყდა - ზამთრის ჩემპიონის, მიუნხენის “ბაიერნით” დავიწყოთ.

იუპ ჰაინკესის გუნდს მინიმალისტობა დასჩემდა. “რეკორდმაისტერმა” ბუნდესლიგაში ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო 1:0 და ასეთი რამ ბოლოს 1983 წელს გაეკეთებინა. თუმცა, მიუნხენური გიგანტი ახლოს იყო, რომ ვერ მოეგო. “მერსედეს ბენც არენაზე” გამართული მატჩი მართლაც დრამატული გამოდგა. “შტუტგარტი” კერკეტი კაკალი გამოდგა და კარგა ხანს უძალიანდებოდა მრისხანე მეტოქეს, მაგრამ 79-ე წუთზე საჯარიმოში ტომას მიულერი გაეპარათა და გერმანელმა შემტევმა შანსი ხელიდან არ გაუშვა – 0:1. თითქოს, ქულაზე ყაბულს მყოფ “შვაბებს” გათანაბრების თავი არ ჰქონდათ და მატჩიც ასე უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ მსაჯის ბოლო დამატებულ წუთზე მასპინძლებმა პენალტის დარტყმის უფლება ირგუნეს.

სედრეკ აკოლო მივიდა ბურთთან და მთელი სტადიონი რომ გოლს ელოდებოდა, იმედი გაუცრუვდათ. აკოლომ “შტუტგარტის” ყოფილ კარის დარაჯ სვენ ულრაიხს ვერ ჯობა და მატჩიც იქვე დასრულდა. კარგი შანსი ჰქონდათ “შვაბებს” წელი ამაღლებულ ნოტაზე დაესრულებინათ და შობას კარგ ხასიათზე შეხვედროდნენ, მაგრამ არ გამოუვიდათ. “ბაიერნმა” კი მოიგო და მდევართან უპირატესობა 11 ქულამდე გაზარდა.

უპირატესობა კი მას შემდეგ გაიზარდა, რაც გელზენკირხენის “შალკემ” ვერ მოიგო. მოგებას ვინ ჩივის, დომენიკო ტედესკომ გუნდს ქულაც სანატრელი გაუხდა ფრანკფურტში. “აინტრახტი” მთელი თამაში დომინირებდა და 82-ე წუთამდე 2:0 ამარცხებდა სტუმარს, მაგრამ აი, მერე “ხუმარებმა” საქმეს ხელი მოჰკიდეს – ჯერ ემბოლომ გაქვითა ერთი გოლი, ხოლო ბოლო წუთზე ბრაზილიელმა ნალდომ გაათანაბრა. ამ თამაშმა ალბათ ბევრს “შალკეს” კიდევ ერთი ქამბექი გაახსენა, რომელიც ერთი თვის წინ შემოგვთავაზა რურის დერბში. როგორც უნდა იყოს, “შალკესგან” სეზონის წინ მეორე ადგილსაც ვერ წარმოიდგენდა ბევრი და შესაბამისად, პირველი წრე მის აქტივში უნდა შევიტანოთ.

“ფრაიბურგმა” წინა ტურში “კიოლნთან” 0:3-დან 4:3 მოიგო და ბოლო ორი გოლი მსაჯის დამატებულ წუთებზე გაიტანა. ახლა კი, თითქოს ფორტუნამ ვალი დაუბრუნა. “აუგსბურგთან” “ფრაი” 90-ე წუთამდე იგებდა (3:1), მაგრამ მერე ორი გოლი გაუშვა და მხოლოდ ქულას დასჯერდა. მასპინძელთა შორის საუკეთესო იყო ისლანდიელი ფიბოგასონი, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა, ხოლო “ფრაიბურგის” რიგებში ისევ შეუდარებლად გაისარჯა ნილს პეტერსენი – დუბლი გაიფორმა.

კიდევ ერთი მატჩის ბედი გადაწყდა ბოლო წუთზე. “ვერდერი” “ვეზერშტადიონზე” “მაინცს” ორბურთიანი უპირატესობით უგებდა, მაგრამ მსაჯის კომპენსირებულ დროში გამარჯვება ხელიდან გამოსტაცეს.

მსაჯის კომპენსირებულ წუთებზე არა, მაგრამ 89-ე წუთზე გაირკვა გამარჯვებულის ვინაობა “დორტმუნდისა” და “ჰოფენჰაიმის” შეხვედრაში. პეტერ ბოში წავიდა და “ბორუსიამ” ორ მატჩში 6 ქულა დააგროვა. გამოჩნდა, რომ გუნდის მთავარი პრობლემა სწორედ ჰოლანდიელი სპეციალისტი იყო. თუმცა, “ყვითლებს” “ჰოფენჰაიმის” გატეხვა ძალიან გაუჭირდათ. “სოფლელებმა” ტაიმი მოიგეს და უპირატესობას კარგა ხანს ინარჩუნებდნენ. კერძოდ, 63-ე წუთამდე, მანამ, სანამ პიერ-ემერიკ ობამეიანგმა პენალტით არ გაათანაბრა. 89-ე წუთზე კი სამქულიანი გოლი ამერიკელმა კრისტიან პულიშიჩმა გაიტანა და შობას “დორტმუნდიც” კარგ განწყობაზე შეხვდება.

აი, ბოლოადგილოსანმა და შეიძლება ითქვას, უკვე მეორე ბუნდესლიგის ბინადარმა “კიოლნმა” პირველი წრის ბოლო ტურში სადებიუტო გამარჯვება იზეიმა. “თხებმა” სახლში “ვოლფსბურგი” დაამარცხეს და მეორე წრის წინ იმედის ნაპერწკალი დაიტოვეს. თუმცა, “კიოლნის” მდგომარეობა ძალზე მძიმეა – 6 ქულა ხომ ძალიან ცოტაა 17 ტურისთვის?!

“აუგსბურგი” – “ფრაიბურგი” 3:3 (1:1)

გოლები: 1:0 ფინბოგასონი (1), 1:1 გინტერი (20), 1:2 პეტერსენი (48), 1:3 პეტერსენი (65), 2:3 ფინბოგასონი (90), 3:3 ფინბოგასონი (90)

“აინტრახტი” – “შალკე” 2:2 (1:0)

გოლები: 1:0 იოვიჩი (1), 2:0 ჰალერი (65), 2:1 ემბოლო (82), 2:2 ნალდო (90)

“კიოლნი” – “ვოლფსბურგი” 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 კლემენსი (67)

“შტუტგარტი” – “ბაიერნი” 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 მიულერი (79)

“ვერდერი” – “მაინცი” 2:2 (2:0)

გოლები: 1:0 ბარგფრედე (2), 2:0 ბელფოდილი (17), 2:1 ქუაისონი (70), 2:2 ფრეი (90)

“დორტმუნდი” – “ჰოფენჰაიმი” 2:1 (0:1)

გოლი: 0:1 უტი (21), 1:1 ობამეიანგი (63, პენ), 2:1 პულიშიჩი (89)

თეგებიბუნდესლიგა
0.357102