ფეხბურთი

16:47 | 16.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ბარნლის" ჯადოსნური ჯოხი

ინგლისის საფეხბურთო სამყაროს ჯერ კიდევ არ დავიწყებია “ლესტერ სიტის” ტრიუმფალური გამოსვლა პრემიერლიგაში, რომელიც ჩემპიონობით დასრულდა. თუმცა, ნისლიან ალბიონს უკვე ახალი აღმოჩენა ჰყავს – “ბარნლი”.

“ტოტენჰემსა” და “ლივერპულს”, სეზონის წინ საჩემპიონო ამბიცია რომ ჰქონდათ, 17 ტურის შემდეგ იმდენივე ქულა აქვს, რამდენიც ერთი შეხედვით, გადარჩენისთვის მებრძოლ “ბარნლის”, ხოლო ლონდონის “არსენალის” კიდევ უფრო ცოტა. შონ დაიჩის გუნდის მეოთხე-მეექვსე ადგილებს იყოფს “წითლებთან” და “მამლებთან” ერთად. ეს კი, ამ პატარა გუნდისთვის გადასარევი შედეგია!

“ბარნლი” ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმული გუნდია – 1882 წელს დაარსდა. სხვათა შორის, ორჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი 1921 და 1960 წლებში, ერთხელ ასოციაციის თასიც მოუგია (1914 წელს) და ორჯერ სუპერთასი.

თუმცა, შემდეგ კლუბის ისტორიაში შავი პერიოდის ჯერი დადგა და 1975-1976 წლების სეზონში მეორე დივიზიონში დაქვეითდა. რასაც, კიდევ რეგრესი მოჰყვა. ასე გაგრძელდა 2008 წლამდე, ანუ, მანამდე, სანამ “ბარნლი” პრემიერლიგაში არ დაბრუნდა. თუმცა, ესეც დროებითი მოვლენა გამოდგა და სიამოვნებამ ოდენ ერთ სეზონს გასტანა. “კლარეტები” ნისლიან ელიტას 2014-2015 წლების სეზონში დაუბრუნდნენ. სხვათა შორის, “ბარნლი” ერთ-ერთია “პრესტონთან” და “ვულვერჰემპტონთან” ერთად, რომელთაც ერთხელ მაინც მოუგიათ ინგლისის პროფესიონალური ოთხი დივიზიონი.

“ბარნლის” 2012 წლიდან შონ დაიჩი წვრთნის – გუნდმა გასულ ზაფხულს საკმაოდ კარგი სატრანსფერო პოლიტიკა აწარმოა: “ლიდს იუნაიტედიდან” კრის ვუდი გაიფორმა და მისთვის სოლიდური თანხაც გაიღო – 16.5 მილიონი ევრო. მასთან ერთად ზაფხულში “სუონსიდან” ჯეკ კორკი, “სტოკ სიტიდან” ჯონათან უოლტერსი და ამავე გუნდიდან იჯარით ფილ ბერდსლეი მოვიდნენ.

ყველაფერი თავიდანვე ხმაურიანად დაიწყო: “კლარეტებმა” პრემიერლიგის პირველივე ტურში მოქმედი ჩემპიონი “ჩელსი” მისსავე მოედანზე დამარცხეს (3:2). გავიდა ცოტა ხანიც და, დამტკიცდა, რომ “სტემფორდ ბრიჯზე” მათი გამარჯვება შემთხვევითობა სულაც არ ყოფილა.

“ვესტ ბრომვიჩთან” საშინაო მარცხს კი, პოზიტიური პერიოდი მოჰყვა: ორი მძიმე ფრე სტუმრად “ტოტენჰემთან” და “ლივერპულთან”. ასევე ფრეები “ფესტ ჰემთან” და “ჰადერსფილდთან”. შემდეგ იყო მოგებები “კრისტალ პალასთან” და “ევერტონთან”, მარცხი _ “მანჩესტერ სიტისთან”. ამ ყველაფერს კი ზედიზედ სამი გამარჯვება მოჰყვა “ნიუკასლთან”, “საუთჰემპტონთან”, “სუონსისთან”.

“არსენალთან” და “ლესტერთან” დაიჩის ბიჭები ვერაფერს გახდნენ, მაგრამ შუალედში “ბარნლიმ” “ბორნმუთს”, “უოტფორდსა” და “სტოკს” მოუგო – 17 ტური და 31 ქულა და ოთხეული. ამაზე სეზონის წინ “ბარნლის” ქომაგები მხოლოდ თუ იოცნებებდნენ, მაგრამ მათთვის ეს უკვე რეალობაა.

შონ დაიჩი უმეტესად 4-2-3-1 ტაქტიკას ანიჭებს უპირატესობას. კარს ნიკ პოუპი იცავს, რომელსაც მიმდინარე სეზონში უკვე რვა მშრალი მატჩი დაუგროვდა. 25 წლის მეკარეს აქამდე არაფრით გამორჩეული კარიერა არ ჰქონია და გასულ სეზონამდე მხოლოდ ქვედა ლიგაში უწევდა თამაში. შარშან უკვე “ბარნლის” კარს იცავდა, თუმცა პრემიერლიგაში მისი დებოუტი მხოლოდ წელს შედგა. 4 მცველი ლოუტინით, უორდით, ტარკოვსკითა და კაპიტან ბენ მითი ივსება.

საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ყველაზე ხშირად ბელგიელ დეფურსა და კორკს ვხვდებით, თავდამსხმელს უკან კი ისლანდიელი გუდმუნსონი და ირლანდიელები, ბრეიდი და ჰენდრიკი მოქმედებენ. გამოკვეთილი ფორვარდია ახალ ზელანდიელი კრის ვუდი, რომელიც გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.

მართალია 4 გოლი ფორვარდისთვის დიდად მოსაწონი შედეგი არაა, მაგრამ “ბარნლისთვის” როგორც ჩანს, ესეც საკმარისია. ვუდის მთავარი პლიუსი მეორე სართულზე თამაშია, რადგან მაღალიცაა და ფიზიკურადაც საკმაოდ მძლავრია. ხსენებული 4 გოლი მან 13 შეხვედრაში შეაგდო. ვუდი “ბარნლის” გასულ ზაფხულს “ლიდსიდან” შეუერთდა, გოლები კი “ტოტენჰემს”, “კრისტალ პალასს”, “ვესტ ჰემსა” და “ბორნმუთს” გაუტანა.

“ბარნლის” წარმატების ერთ-ერთი, თუ არა მთავარი შემოქმედი, რა თქმა უნდა, მთავარი მწვრთნელი შონ დაიჩია. 46 წლის სპეციალისტმა “კლარეტები” 2012 წელს ჩაიბარა და გუნდი ჩემპიონშიფიდან პრემიერლიგაში ორჯერ დააწინაურა. დაიჩის საყვარელი ტაქტიკური სქემებია 4-2-3-1, 4-5-1 ან 4-4-2. სქემის ხშირი ცვლილება მისი პლიუსია და ხშირად “ბარნლი” თამაშის მიმდინარეობისას ცვლის მას.

თითქოს შონს ჯადოსნური ჯოხი აქვს...

“ბარნლის” სახლს “ტარფ მური” ეწოდება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძველი სტადიონია ინგლისში. ეს გუნდი ამ სტადიონზე 1883 წლიდან მოყოლებული თამაშობს და არენა 22.702 გულშემატკივარზეა გათვლილი.

“ბარნლი” პრემიერლიგის აღმოჩენაა და “კლარეტები” ამჟამად “ლივერპულს”, “ტოტენჰემსა” და “არსენალს” გვერდში უდგანან. შონ დაიჩსა და მის ამაყ ბიჭებს წინ კიდევ ბევრი თავგადასავალი ელოდებათ – სეზონი გრძელია.

0.121662