ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი ლუკას მოურა, შესაძლოა “ვალენსიას” ფეხბურთელი გახდეს – იუწყება ესპანური გამოცემა Superdeporte.
“ღამურების” სინგაპურელი მფლობელი პიტერ ლიმი და “პარი სენ-ჟერმენის” პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი მეგობრები არიან და შესაბამისად, კლუბებსაც კარგი ურთიერთობა აქვთ.
პსჟ-ში მომხდარი გრანდიოზული ტრანსფერების შემდეგ, მოურამ საკუთარი ადგილი დაკარგა და პარიზელთათვის უმნიშვნელო მოთამაშედ იქცა. ის უნაი ემერის გეგმებში აღარ შედის და ესპანელი მწვრთნელის თქმით, ლუკასისთვის უკეთესი იქნება, თუ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში კლუბს დატოვებს.
თავის მხრივ, “ვალენსია” ძალიან კარგ სეზონს ატარებს და 15 ტურის შემდეგ ლა ლიგაში მხოლოდ “ბარსელონას” ჩამორჩება. თუმცა, “ღამურებს” ღრმა რესურსი არ აქვთ და იანვარში შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავენ, ხოლო 25 წლის მოთამაშე მათი ერთ-ერთ მთავარი სამიზნე იქნება.
შეგახსენებთ, რომ მოურა პსჟ-ში 2013 წელს “სან პაოლოდან” 40 მილიონ ევროდ გადავიდა. მან პარიზული კლუბის მაისური 217-ჯერ მოირგო და 45 გოლი გაიტანა. ის მიმდინარე სეზონში სულ 5-ჯერ გამოჩნდა მინდორზე (ჯამში 71 წუთი), 1 გოლი შეაგდო და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.