ფეხბურთი

3:56 | 14.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

“სიტიმ” ზედიზედ მე-15 შეხვედრა მოიგო და პრემიერლიგის რეკორდი დაამყარა

ყოველ ტურში ამას ვწერთ: “კვლავ შეუჩერებელია “მანჩესტერ სიტი”. დიახ, ამჯერადაც ამის თქმა გვიწევს. “ქალაქელები” მე-17 ტურის მატჩში გასვლაზე “სუონსის” დაუპირისპირდნენ და საშინელი დღე დამართეს.

ხოსეპ გვარდიოლას შეგირდები მთელი შეხვედრის განმავლობაში უდიდეს სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და ეს ყველაფერი ტაბლოზე მშვენივრად აისახა. ანგარიში 27-ე წუთზე დავიდ სილვამ გახსნა, რომელმაც ბერნარდო სილვას გადაცემა შეირგო და ახლო მანძილიდან გაიტანა. შვიდ წუთში კი კევინ დე ბრუინმა საჯარიმო დარტყმით სხვაობა ორამდე გაზარდა და ტაიმი 0:2 დასრულდა. 53-ე წუთზე დავიდ სილვამ უკვე სტერლინგს დაუფასა კარგი თამაში და დუბლი გაიფორმა, ხოლო 85-ე წუთზე “სუონსის” დაცვა სერხიო აგუერომ დაარბია და შემდეგ ლუკაშ ფაბიანსკის შორეულ კუთხეში გაუტანა - 0:4.

“სიტიმ” ზედიზედ მე-15 შეხვედრა მოიგო და რაც მთავარია, ამ მხრივ პრემიერლიგის რეკორდი დაამყარა. “ქალაქელებმა” ლონდონის “არსენალის” რეკორდი მოხსნეს, რომელსაც 2002 წლის თებერვლიდან აგვისტომდე, მიყოლებით 14 მატჩი ჰქონდა მოგებული.

მინიმალური სხვაობით იმარჯვა მეორე მანჩესტერულმა კლუბმა, რომელიც “ოლდ ტრაფორდზე” “ბორნმუთს” დაუხვდა. ერთადერთი გოლი 25-ე წუთზე გავიდა, ხუან მატამ საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ყველას რომელუ ლუკაკუმ აჯობა და ასმირ ბეგოვიჩის კარი თავური დარტყმით აიღო – 1:0.

“ტოტენჰემმა” “უემბლიზე” “ბრაიტონს” უმასპინძლა და დაგეგმილი 3 ქულა მოიპოვა. მასპინძლებმა ორივე გოლი თითო ტაიმის მიწურულს გაიტანეს: მე-40 წუთზე ორიე საჯარიმოში აწვიდიდა, თუმცა ბურთი ისე აეჭრა, რომ მეტიუ რაიანის კარში ჩაეშვა და ძალიან ლამაზი გოლი გამოუვიდა, ხოლო 87-ე წუთზე სონის თავური აღმოჩნდა აუღებელი – 2:0.

ქულები დაკარგეს “ლივერპულმა” და “არსენალმა”. მერსისაიდელებმა საკუთარ მოედანზე საშინელ ფორმაში მყოფი “ვესტ ბრომვიჩი” მიიღეს, რომელსაც ბოლოს 19 აგვისტოს აქვს მოგებული. იურგენ კლოპის შეგირდები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა საგოლე მომენტები გოლად ვერ აქციეს და ქულით მოუწიათ დაკმაყოფილება. “არსენალი” კი სტუმრად თანაქალაქელ “ვესტ ჰემს” დაუპირისპირდა და უდიდესი უპირატესობის მიუხედავად, ვერც მათ შეძლეს გოლის გატანა – 0:0.

მშვენიერ ფორმაშია “ლესტერი”, რომელმაც სტუმრად “საუთჰემპტონი” გაანადგურა და მიჯრით მეოთხე შეხვედრა მოიგო. ასევე, როგორც ჩანს კრიზისი გადალახა “ევერტონმა”, რომელმაც უკანასკნელი ოთხი მატჩიდან მესამე მოიგო. “კანფეტებმა” უეინ რუნის გოლით “სენტ ჯეიმს პარკზე” “ნიუკასლს” აჯობეს.

ლივერპული – ვესტ ბრომვიჩი 0:0

ნიუკასლი – ევერტონი 0:1 (0:1)

გოლი: რუნი (27)
გაძევება: შელვი (94 ნ.)

ტოტენჰემი – ბრაიტონი 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ორიე (40), 2:0 სონი (87)

ვესტ ჰემი – არსენალი 0:0

მანჩესტერ იუნაიტედი – ბორნმუთი 1:0 (1:0)

გოლი: ლუკაკუ (25)

სუონსი – მანჩესტერ სიტი 0:4 (0:2)

გოლები: 0:1, 0:3 დ.სილვა (27; 53), 0:2 დე ბრუინი (34), 0:3 აგუერო (85)

საუთჰემპტონი – ლესტერი 1:4 (0:3)

გოლები: 0:1 მაჰრეზი (11), 0:2, 0:4 ოკაზაკი (32; 69), 0:3 კინგი (38), 1:3 იოშიდა (61)

0.192815