საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი საათით ადრე, პრეზიდენტობის კანდიდატმა შიო ხეცურიანმა კანდიდატურა მოხსნა. ამის შესახებ მან სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ხეცურიანის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი უსამართლობაა, რომლის დამარცხებაც მან და მისმა გუნდმა ვერ შეძლეს.
“ჩვენ ვერ მოვახერხეთ უსამართლობის დამარცხება. ამ მომენტამდე არ ვიცოდით დელეგატების რაოდენობა და ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მივიღოთ. ამის შესახებ უკვე იციან იმ კალათბურთელებმა, რომლებიც ჩემი მხარდამჭერები იყვნენ. ახალ ფედერაციას კი, წარმატებებს ვუსურვებ”, - აღნიშნა ხეცურიანმა.
პრეზიდენტობის აწ უკვე ექსკანდიდატმა კითხვა, იყო თუ არა, რაიმე სახის ზეწოლა, ღიად დატოვა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები დღეს გაიმართება. აქამდე ორი კანდიდატურა იყო – შიო ხეცურიანი და პაატა გურასპაული. თუმცა, არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ გურასპაული მიიღებს.