“მანჩესტერ სიტის” შეჩერება ვერც თანაქალაქელმა “იუნაიტედმა” მოახერხა. ხოსეპ გვარდიოლას შეგირდებმა “ოლდ ტრაფორდზე” დაძაბულ ბრძოლაში იმარჯვეს და ბრწყინვალე მოგებათა სერია განაგრძეს.
სტუმრებს პირველ ტაიმში ძალიან დიდხანს ეჭირათ ბურთი, თუმცა სახიფათო მომენტების შექმნის მხრივ მოიკოჭლებდნენ, ისევე როგორც მასპინძლები და საწყისი 45 წუთი თითქოს გატანილი გოლების გარეშე უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ბოლო წუთებში მოვლენები ძალიან საინტერესო განვითარდა: 43-ე წუთზე “ქალაქელებმა” კუთხური მოაწოდეს, დაცვის დასახმარებლად ჩასული რომელუ ლუკაკუ შეცდა და ბურთი დავიდ სილვას მიუვიდა, რომელმაც ახლო მანძილიდან შეაგდო. ხოსეპ გვარდიოლას შეგირდებმა შესვენებამდე ანგარიში ვერ შეინარჩუნეს, მსაჯის მიერ მეორე დამატებულ წუთზე დაცვა ჩავარდა, რითაც მარკუს რეშფორდმა ისარგებლა და წონასწორობა აღადგინა.
მეორე ნახევარი “სიტისთვის” შესანიშნავად დაიწყო, სტუმრება სტანდარტულიდან საჯარიმოში ჩააწოდეს ბურთი და ისევ რომელუ ლუკაკუ შეცდა, რომელსაც ძალიან უიღბლო თამაში ჰქონდა. ის ბურთის მოგერიებას ცდილობდა, მაგრამ ამის ნაცვლად კრის სმოლინგს მოარტყა ბურთი და ნიკოლას ოტამენდის მიუვიდა, რომელმაც დავიდ დე ხეას კარის ბადე მეორედ აიღო.
დარჩენილმა დრომ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. მომენტები ორივე გუნდს შეექმნა, მასპინძლებს გათანაბრების კარგი შანსები ჰქონდათ, ხოლო სტუმრებს მესამე გოლის გატანა შეეძლოთ. გამოსარჩევი ეპიზოდი 85-ე წუთზე ვიხილეთ: შეხვედრის ანტი-გმირმა ლუკაკუმ დაახლოებით ხუთი მეტრიდან ვერ აჯობა ედერსონს, რომელმაც ბრწყინვალედ ითამაშა და დამატებაზე უკვე ხუან მატას არ გაატანინა.
ამრიგად, “მანჩესტერ სიტიმ” პრემიერლიგაში ზედიზედ მეთოთხმეტე თამაში მოიგო, შესაძლებელი 48 ქულიდან 46 დააგროვა და მე-2 ადგილოსანი “იუნაიტედი” 11 ქულით ჩამოიტოვა.
მერსისაიდული დერბი გაიმართა “ენფილდ როუდზე”, სადაც “ლივერპული” “ევერტონს” დაუხვდა და უდიდესი სათამაშო უპირატესობის მიუხედავად, 3 ქულის მოპოვება ვერ მოახერხა. მასპინძლებმა ტაიმი მოჰამედ სალაჰის ულამაზესი გოლით მოიგეს, რომელმაც მიმდინარე პრემიერლიგაში მე-13 გოლი გაიტანა. სტუმრებმა მეორე ნახევარში მეტოქეს სულ ორჯერ შეუტიეს, მაგრამ ქულის ასაღებად ესეც საკმარისი გამოდგა: 76-ე წუთზე კალვერტ-ლეუინმა პენალტი გამოიმუშავა, რომელიც უეინ რუნიმ აქცია გოლად. დარჩენილ დროში “ლივერპულმა” ბევრი შეუტია, თუმცა მომენტების გამოყენება ვერ მოახერხა და გაუთვალისწინებელი 2 ქულა დაკარგა – 1:1.
დღის მესამე მატჩში კი “არსენალი” “სენტ მერი სთედიუმზე” “საუთჰემპტონს” ეწვია და წაგებას შეხვედრის ბოლოს გადაურჩა. “წმინდანები” ოსტინმა მე-3 წუთზევე დააწინაურა და თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში იგებდნენ, მაგრამ “მეთოფეებს” კვლავ ოლივიე ჟირუმ უშველა და 88-ე წუთზე თავური დარტყმებით წონასწორობა აღადგინა - 1:1.
საუთჰემპტონი – არსენალი 1:1 (1:0)
გოლები: 1:0 ოსტინი (3), 1:1 ლუკაკუ (88)
ლივერპული – ევერტონი 1:1 (1:0)
გოლები: 1:0 სალაჰი (42), 1:1 რუნი (77)
მანჩესტერ იუნაიტედი – მანჩესტერ სიტი 1:2 (1:1)
გოლები: 0:1 დ.სილვა (43), 1:1 რეშფორდი (45+2), 1:2 ოტამენდი (54)