კალათბურთი

23:10 | 9.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

მუქარა ფედერაციისგან და შიდა ქართლის სტატუსშეჩერებული პრეზიდენტი

შიდა ქართლის რეგიონალური კალათბურთის განვითარების პრეზიდენტმა ზვიად ბაბიაშვილმა 9 დეკემბერს, გორში პრესკონფერენცია გამართა. როგორც ამჟამად სტატუსშეჩერებულმა პრეზიდენტმა მედიასთან საუბარში განაცხადა, მას კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი ხმის დაფიქსირების უფლება მაინც აქვს.

პრესკონფერენციაზე ასევე იმყოფებოდნენ შიდა ქართლის კალათბურთის განვითარების წევრები, რომლებმაც რეგიონალური საპრეზიდენტო არჩევნების დროს არჩევანი ზვიად ბაბიაშვილზე შეაჩერეს. მათ ბაბიაშვილისადმი თანადგომა კიდევ ერთხელ უკვე საჯაროდ გამოთქვეს.

“20 ნოემბერს შიდა ქართლის კალათბურთის განვითარების ცენტრის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, სადაც უმრავლესობის გადაწყვეტილებით მომენიჭა პრეზიდენტის სტატუსი, თუმცა ორიოდე დღის წინ, შიდა ქართლის რეგიონალურმა სასამართლომ სტატუსი შემიწყვიტა. ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს მე საარჩევნო კამპანია ჩავატარე ძალდატანების ფონზე და თითქოს ჩემი გაპრეზიდენტება იყო არალეგიტიმური. აქიდან გამომდინარე საჭიროდ ჩავთვალე საჯარო გამეხადა, თუ როგორ წარიმართა საარჩევნო კამპანია. აქ წარმოდგენილი არიან ადამიანები, ფედერაციის წევრები, რომლებმაც არჩევნებზე მხარი დამიჭირეს.

31 ოქტომბერს შეიკრიბა გამგეობა, სადაც უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ შიდა ქართლს დავმატებოდი წევრად. (სულ 6 დელეგატია, 6-დან კი 4-მა ბაბიაშვილს მისცა ხმა). იმ დღესვე ყველა დელეგატს გაეგზავნა სპეციალური შეტყობინება ელექტრონულ ფოსტაზე, რომელიც რეესტრულად დარეგისტრირებული იყო მათთან დაკავშირების შემთხვევაში, თუ რომელ ელექტრონულ მისამართზე უნდა გაგზავნილიყო მათთვის შეტყობინება. ამ წერილში დეტალურად იყო აღწერილი თუ როდის და სად ტარდებოდა გამგეობის სხდომა. სქართველოს კალათბურთის მოქმედი ფედერაციის დაწერილი წესდებით, თუ როგორ უნდა გაიმართოს რეგიონალური ფედერაციის არჩევნები, ზუსტად ისე თანმიმდევრულად არის გაკეთებული, სადაც არანაირ დარღვევას ჩვენი მხრიდან ადგილი არ ქონია. წესდების მიხედვით არჩევნები 20 დღის შემდგომ დაინიშნა. როგორც კი გაიგეს მოქმედმა ფედერაციის წევრებმა, კონკრეტულად კი გია ქედიყოშვილმა, რომელიც გახლავთ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო საკითხებში, 31 ოქტომბერს, დღის ბოლოს დაiწყო ფედერაციის წევრებთან სატელეფონო ზარით ზეწოლის განხორციელება. ისინი სამსახურის დატოვებით ემუქრებოდენ ყველა იმ წევრს, რომლებმაც არჩევნებში ხმა ჩემს სასარგებლოდ დააფიქსირეს.

პირველ ნოემბერს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე ჩამოვიდა ქალაქ გორში და გააფორმა მემორანდუმი, რომელიც მოისაზრებს ფინანსურ დახმარებას 20 000 ლარის ოდენობით. ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ 20 ნოემბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებამდე განეხორციელებინათ მორალური ზეწოლა და ყველანაირი ხერხით შეეცვალათ გადაწყვეტილება, რათა მე არ გავმხდარიყავი ფედერაციის პრეზიდენტი.

მინდა აღვნიშნო, რომ მოქმედ ფედერაციას თავისი მმართველობის პერიოდში გორისთვის არანაირი დახმარება არ გაუწევია, არც არანაირი ჩართულობა და კომუნიკაცია არ გააჩნდათ, ახლა კი ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 1 თვით ადრე გადაწყვიტეს გაეფორმებინათ მემორანდუმი, რომელიც მოიცავს 20 000 ლარით ფინანსურ დახმარებას, ეს კი პირდაპირი გაგებით მოსყიდვას ნიშნავს.

მინდა დავაფიქსირო იოსებ ხაჩიურის სიტყვები: 4 წლის განმავლობაში ფედერაციის მხრიდან 1 ბურთიც კი არ მიგვიღია. ასევე თქვა, რომ ჩაატარა ბავშვთა ასაკობრივი ტურნირი, სადაც ფედერაციას სთხოვა, რომ ეყიდათ სიგელები, მედლები, რომლის საერთო ღირებულება 120-150 ლარს არ ცდებოდა, თუმცა ამაზეც უარი მიიღო, მაგრამ საარჩევო პროცესის მოახლოებისას კი ფედერაცია ძალიან გააქტიურდა და წარმოადგინა დახმარების ფორმა მემორანდუმის სახით”, - განაცხადა ზვიად ბაბიაშვილმა.

განცხადება გააკეთა ასევე ზვიად ბაბიაშვილის იურისტმა, რომლის თქმითაც მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით ბაბიაშვილს პრეზიდენტის სტატუსი შეჩერებული აქვს, მას მაინც აქვს 11 დეკემბერს გასამართ ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

“მათ გამოიყენეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელიც მოწინააღმდეგე მხარის დასწრების გარეშე განიხილება და სასამართლომ მხოლოდ მოსარჩელის განცხადების ფონზე იღებს გადაწყვეტილებას და თანაც 1 დღის განმავლობაში. უმთავრესი მიზანი შეჩერებისა იყო შემდეგი: ზვიდ ბაბიაშვილს არ ჰქონოდა 11 დეკემბერს ცენტრის სახელით წარმომადგენლობისა და უფლებამოსილების საშუალება, თუმცა მათი ტაქტიკა მცდარი აღმოჩნდა. სასამართლომ მათ არ დაუკმაყოფილა იოსებ ხაჩიურის წარმომადგენლობითი უფლებების აღდგენა. მარტივად რომ ვთქვათ იოსებ ხაჩიური ითხოვდა, “შეუჩერეთ უფლებამოსილება დავის საბოლოო განხილვამდე ზვიად ბაბიაშვილს და აღმიდგინეთ მე”. სასამართლომ კი თქვა, რომ სანამ ეს დავა არ იქნება განხილული ჩემს მიერ, შეუჩერდეს უფლებამოსილება ზვიად ბაბიაშვილს, თუმცა აღდგენილ არ იქნეს იოსებ ხაჩიურისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ ცენტრს არ ყავს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პრეზიდენტი და უმთავრესი ორგანო არის გამგეობა.

ფედერაციის მოთხოვნით 6 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო წარდგენილი დელეგატის კანდიდატურა, რომელსაც ექნებოდა უფლებამოსილება ხმა მიეცა საპრეზიდენტო კანდიდატისათვის და კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით შიდა ქართლის ცენტრმა დაასახელა თავისი დელეგატი, კერძოდ ზვიად ბაბიაშვილი და შესაბამისად ის გარემოება, რომ პრეზიდენტის უფლებამისილება შეჩერებული აქვს ზვიად ბაბიაშვილს, აბსოლიტურად გავლენას არ ახდენს იმ გარემოებასთან, რომ მას ხმის მიცემის უფლება არ აქვს. ეს არის მცდელობა, იურიდიული ხრიკებით, რადგან შიდა ქართლს საერთოდ დააკარგვინონ ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის უფლება”,- განაცხადა ზვიად ბაბიაშვილის იურისტმა ლაშა მდივანმა.

კომენტარი გააკეთა ასევე შიდა ქართლის კალათბურთის განვითარების ერთ-ერთმა წევრმა, რომელმაც საჯაროდ კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა ზვიად ბაბიაშვილის მიმართ.

"მინდა სრული პასუხისმგებლობით დავაფიქსირო, რომ ჩემი მაშინდელი გადაწყვეტილება და ახლანდელიც ღიაა და აქტიური მხარდამჭერი ვარ ზვიად ბაბიაშვილის კანდიდატურის. როდესაც კეთდება ისეთი განცხადებები, რომ თურმე ძალის გამოყენებით მივეცი ხმა, ეს ჩემთვის შეურაცმყოფელია და ვთხოვ, რომ თავი შეიკავონ. მისი პროგრამა ჩემთვის სრულიად მისაღებია, განსხვავებით წინა პრეზიდენტისაგან. რაც შეეხება ცენტრალურ ფედერაციას, ვფიქრობ თვითონ უნდა იყოს დაინტერესებული იმით, რომ შიდა ქართლს ხმა არ დაეკარგოს”, - განაცხადა ბესო გაჩეჩილაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკალათბურთო ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 11 დეკემბერს გაიმართება.

0.116086