საქართველოს საკალათბურთო ნაკრებისა და "სასკი ბასკონიას" წევრი თორნიკე შენგელია საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა.
შენგელიას განცხადებით, იგი მხარს შიო ხეცურიანს უჭერს. მიუხედავად იმისა, რომ არ სურდა ამ თემის ირგვლივ საუბარი, კალათბურთის სიყვარულმა ეს ნაბიჯი მაინც გადაადგმევინა:
"მოგესალმებით, დიდი იმედი მქონდა, რომ არ მომიწევდა ამ თემაში ჩარევა, მაგრამ ჩემი დიდი სიყვარულის კალათბურთის მიმართ და წლების განმავლობაში დანახული ბევრი უსამართლობის გამო, თავს უფლება მივეცი გამეკეთებინა ეს განცხადება!
როგორც მოგეხსენებათ, სულ მალე ჩატარდება საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები.
მას შემდეგ, რაც კახა შენგელია და შიო ხეცურიანი გაერთიანდნენ, დღეს-დღეობით არის წარდგენილი 2 კანდიდატი...
მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა ყველას მიმართ, მინდა ღია მხარდაჭერა გამოვუცხადო შიო ხეცურიანს. ვთვლი, რომ იგი დღეს არის ღირსეული კანდიდატი იმისათვის, რომ აღორძინდეს კალათბურთი საქართველოში.
დიდი იმედი მაქვს რომ, ყველა ერთად დავდგებით და მხარს დავუჭერთ სიმართლეს, რადგან ეს ჩვენს საერთო საქმეს, კალათბურთს ეხება!", - დაწერა შენგელიამ.
შეგახსენებთ, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 11 დეკემბერს გაიმართება. კანდიდატი კი ორია - შიო ხეცურიანი და პაატა გურასპაული.