სხვა

13:30 | 9.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა ტალახაძე: “თქვენი სიყვარული ძალას და შემართებას მიასმაგებს”

მსოფლიოსა და ევროპის ორ-ორგზის და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ლაშა ტალახაძე საქართველოშია. ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატიდან პლანეტის უძლიერესი ძალოსანი წუხელ დაბრუნდა. ხანგრძლივი მგზავრობის და გადაღლილობის მიუხედავად, თბილისის აეროპორტის დარბაზი იქამდე არ დატოვა, ვიდრე მის სანახავად მისულმა ყველა ადამიანმა არ დაიკმაყოფილა საამაყო ქართველ სპორტსმენთან ჩახუტების თუ სურათის გადაღების სურვილი. "მსოფლიო სპორტსაც” უმალ დათანხმდა ინტერვიუს ჩაწერაზე. შეეძლო დაღლილობა მოემიზეზებინა და შეხვედრა მეორე დღისთვის გადაედო. ასეთი დაპირებით ვინ იცის, რამდენი სახელოვანი სპორტსმენის ინტერვიუ დარჩენილა სამუდამოდ გადადებული. მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ძალოსნად დასახელებული ლაშა ტალახაძე ამ შემთხვევაშიც ყველასგან გამორჩეულია.

- გილოცავთ მსოფლიოს ჩემპიონის მეორე ტიტულს. როგორ შეაფასებთ გასულ შეჯიბრებას?

- მადლობა მოლოცვისთვის, თქვენც და აბსოლუტურად ყველა გულშემატკივარს. მადლობა ხალხს იმ თბილი და კარგი სიტყვებისთვის, ჩემთვის რომ იმეტებენ. იმ პოზიტიური პოსტებისა და კომენტარებისთვის, რომლებსაც სოციალურ ქსელში ვნახულობ. თქვენი გულშემატკივრობა შემართებას, ძალას და ბრძოლისუნარიანობას მიასმაგებს. ვეცდები კიდევ ბევრჯერ გაგახაროთ.

- შორიდან ისე ჩანდა, რომ ამერიკულ მსოფლიოს ჩემპიონატზე წინა ჩემპიონატებთან შედარებით, თავიდანვე იცოდით, რომ ღირსეულ კონკურენციას ვერავინ გაგიწევდათ...

- ჩემპიონატისთვის ძალიან კარგად მოვემზადე და მართლა მზად ვიყავი მაღალი წონების ასაწევად. არც თავდაჯერებულობა მაკლდა, მაგრამ წინასწარ თავს ჩემპიონად ნამდვილად არ ვთვლიდი. შეიძლება საუკეთესო სპორტულ ფორმაში იყო, მაგრამ ელემენტარული შეცდომა გაგეპაროს და დიდი ხნის წვალება წყალში ჩაგეყაროს. საბედნიეროდ შრომა დამიფასდა, ჩემი შესაძლებლობები ვაჩვენე, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულიც შევინარჩუნე და ატაცსა და ორჭიდში მსოფლიოს რეკორდებიც გავაუმჯობესე.

- ეს აკვრაშიც შეგეძლოთ, მაგრამ, წინასწარ შეკვეთილი სარეკორდო წონა – 265 კილოგრამი 257-მდე ჩამოსწიეთ. სამწვრთნელო შტაბის ამ გადაწყვეტილებამ გული ხომ არ დაგწყვიტათ?

- იმ მომენტში მართლა ძალიან მინდოდა 265 კილოგრამი ამეწია. თამამად ვიტყვი, ამისთვის მზადაც ვიყავი, მაგრამ სწრაფადვე გავაცნობიერე, რომ მწვრთნელებმა სწორი ტაქტიკური გადაწყვეტილება მიიღეს. მათ აბსოლუტურად ვეთანხმები. ეიფორიას არ აყვნენ და რისკი მინიმუმამდე დაიყვანეს. რისკი ის იყო, რომ თუ სარეკორდო წონას ვერ ავწევდი, მცირე ოქროს მედალს ვკარგავდი. აკვრაში რეკორდი სამომავლოდ გადავდეთ.

- თუ გიფიქრიათ, სად გადის თქვენი შესაძლებლობების ზღვარი?

- ეს ალბათ მწვრთნელებს უნდა ჰკითხო. ისინი უკეთ გიპასუხებენ. მე ძველებური შემართებით გავაგრძელებ ვარჯიშს. დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.

- ვინ არის ლაშა ტალახაძის მთავარი კონკურენტი? დაასახელეთ მხოლოდ ერთი ძალოსანი.

- ირანელი ბეჰდად სალამი კორდასიაბი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ურთიერთდაპირისპირებისას რამდენიმე სპორტსმენმა მასზე მაღალი შედეგი დააფიქსირა, მაინც ვფიქრობ, რომ ის ყველასგან გამორჩეულია.

- ამერიკულ მსოფლიოს ჩემპიონატზე კორდასიაბის ერთი წარმატებული ცდა საეჭვოდ გაუუქმეს, რამაც ძალიან აღაშფოთა. შეჯიბრების შემდეგ მან თქვა, ჩემს სიმართლეში ლაშა ტალახაძეც დარწმუნებულია და ეს პირადადაც მითხრაო...

- ალბათ შეიძლებოდა იმ წონის ჩათვლა. ჩემი აზრით, სპორტსმენს წესი არ დაურღვევია, მაგრამ... სამწუხაროდ ყოველთვის არის ხოლმე მსგავსი საკამათო ეპიზოდები. მთლიანობაში კი გასულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მსაჯობა ძალიან კომპეტენტური იყო. ბეჰდადს თანაგრძნობა ჩემს გარდა ბევრმა სპორტსმენმა და მწვრთნელმა გამოუცხადა. ისეთი გულგატეხილი იყო, ერთ მომენტში ფეხსაცმელების ფიცარნაგზე ატანაც დააპირა, რითაც ხალხს ეტყოდა, რომ დიდ სპორტს თავს ანებებდა, მაგრამ გადაიფიქრა. უსამართლობის პროტესტის ნიშნად კარიერის დასრულების სურვილზე პირდაპირაც უთხრა რამდენიმე ადამიანს. იმედია დამშვიდებულ გულზე ამ ნაბიჯის გადადგმას გადაიფიქრებს.

- 2017 წელს ყველა ტიტული მოიგეთ, რისი მოგებაც შეგეძლოთ. რეალური შანსი გაქვთ, ზედიზედ მეორედ გახდეთ საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი...

- ეს აღიარება ჩემთვის ძალიან ძვირფასია. უძლიერეს და წარმატებულ სპორტსმენებს შორის საუკეთესოდ დასახელება მართლა უდიდესი პატივია.

- სეზონი დასრულდა. რამდენ ხანს გაგრძელდება არდადეგები?

- საკმაოდ დატვირთული წელი იყო და საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ასე რომ, უკვე დასვენებაც შეიძლება, ოღონდ დიდი ხნით არა. ვარჯიშს სავარაუდოდ ახალი წლის შემდეგ გავაგრძელებ. ყველაფერი ისე იქნება, როგორ მწვრთნელები იტყვიან.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ოჯახის შექმნას აპირებდი. მართლა ასეა?

- მხოლოდ იმას გეტყვით, რომ შეყვარებული მყავს.

- სპორტთან რამე კავშირი აქვს?

- არანაირი.

P.S.

თბილისის აეროპორტში "მსოფლიო სპორტისთვის” კომენტარი ლაშა ტალახაძის მშობლებმაც გააკეთეს. მსოფლიოს ჩემპიონის დედა – ჟანა თოდაძე შვილის გამოსვლას არასოდეს უყურებს. როცა ლაშა შტანგას სწევს, დედა ყოველთვის ხატებთან დგას. ტელევიზორთან მხოლოდ მას შემდეგ მიდის, როდესაც უკვე ყველაფერი გარკვეულია.

ჟანა თოდაძე: "პირდაპირ რეპორტაჟს ვერც ამჯერად ვუყურე. ძალიან მიხარია, რომ ისევ ყველაფერი კარგად დამთავრდა. მადლობა ყველას, ვისაც ამ ბედნიერებაში წვლილი მიუძღვის”.

ჩემპიონის მამა, ვეტერანი სპორტსმენი კობა ტალახაძე აეროპორტში შეკრებილთ შამპანიურით გაუმასპინძლდა. შემდეგ კი, აი რა გვითხრა:

"ლაშას მზადებას ყოველთვის თვალს ვადევნებ და წინასწარ ვიცი ხოლმე, როგორ ფორმაში ხვდება ტურნირს. მსოფლიოს ჩემპიონატის წინ დარწმუნებული ვიყავი, რომ ოქროს მედლის მთავარი კანდიდატი იქნებოდა. მაღალ შედეგებსაც ველოდი, მაგრამ მსოფლიოს რეკორდების ასე ადვილად გაუმჯობესებაზე არ ვფიქრობდი. ვულოცავ ყველას, ვინც ამ შედეგით გაიხარა და ამაყია”.

0.150587