ფეხბურთი

12:21 | 9.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

"იუვე" და "ინტერი" - XXI საუკუნის გამორჩეული დერბი დ'იტალია

“იუვენტუსისა” და “ინტერის” დაპირისპირება საფეხბურთო სამყაროში ყოველთვის გამორჩეულ ინტერესს იპყრობს. ხშირად მათი ქიშპობა მოედნის ფარგლებსაც კი გასცდენია. ამჟამად კი, ყველაფერს, სატურნირო ცხრილის მეზობლობაც ახლავს: “ინტერი” ლიდერია, “იუვენტუსი” კი ორი პოზიციითა და ამდენივე ქულით ჩამორჩება.

მოკლედ, “დიდი იტალიური დერბი” განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია. დღევანდელი დღის ცენტრალური მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. იქამდე კი, გავიხსენოთ XXI საუკუნეში ყველაზე გამორჩეული რამდენიმე დერბი დ’იტალია, რომელსაც ტურინმა (“დელე ალპიმ”, “სტადიო ოლიმპიკომ”, “იუვენტუს სთედიუმმა”) უმასპინძლა...

5 მაისსა და მანჩესტერს შორის – 2 მარტი, 2003 წელი. “იუვენტუსი” – “ინტერი” 3:0

ჩვენი მოგზაურობა იწყება 2003 წლიდან: ჯერ ყველას ახსოვდა 2002 წლის 5 მაისი, ხოლო ექტორ რაულ კუპერი ისევ “ინტერის” მწვრთნელი იყო. ორივე გუნდი 23-ე ტურის შეხვედრას მაღალი მიზნებით შეხვდა და სკუდეტოს უმიზნებდნენ. ეს, ის წელია, როდესაც ტურინელებიც და მილანელებიც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდნენ. “დელე ალპიზე” თავიდანვე ყველაფერი სტუმართათვის ცუდად დაიწყო – მეოთხე წუთზე ნედვედის ჩაწოდებისას ფრანჩესკო ტოლდომ არადამაჯერებლად ითამაშა, ბურთი გულის მოხვდა და არგენტინელის ავტოგოლით ანგარიში გაიხსნა. შემდეგ ჩეხმა ნახევარმცველმა შორი მანძილიდან გაიტანა, ხოლო ბოლოს მაურო ხერმან კამორანეზის საგოლე გადაცემა გაუკეთა. “იუვენტუსმა” მოიგო “დიდი იტალიური დერბი” და შემდეგ სკუდეტოც აღმართა.

აღფრთოვანებული კრუზი - 29 ნოემბერი, 2003 წელი. “იუვენტუსი” – “ინტერი” 1:3

ექვსი თვის შემდეგ უკვე ალბერტო ძაკერონის “ინტერი” “იუვენტუსს” ეწვია, რომელიც ტურინში თითქმის ერთი წელი არ დამარცხებულიყო. მაგრამ, ამ სეზონში “ნერაძურიმ” ორივე დერბი დ’იტალია მოიგო. ვიერი ტრავმირებული გახლდათ, ამიტომაც ძაკერონიმ ძირითად შემადგენლობაში ხულიო კრუზი გაამწესა – არგენტინელი იმ დღეს გმირი იყო. დუბლი გაიფორმა და საკუთარ გუნდს გამარჯვებისკენ წარუძღვა. თუმცა, ის სეზონი ორივე გუნდისთვის წარუმატებელი გამოდგა: “იუვენტუსი” მესამე ადგილზე გავიდა და 13 ქულით ჩამორჩა ჩემპიონ “მილანს”, ხოლო “ინტერი” მეოთხეზე (-23 ქულა “მილანთან”).

აღსანიშნავია, რომ “დელე ალპიზე” “ინტერმა” მომდევნო სეზონშიც მოიგო და ისევ კრუზის გოლით (1:0), ხოლო შემდეგ 2005 წლის იტალიის სუპერთასზე დამატებით დროში ხუან სებასტიან ვერონის გოლით სძლია. ცნობილ “კალჩოპოლიმდე” ტურინში ბოლო დაპირისპირება 2005 წლის ოქტომბერში შედგა და ამჯერად “იუვემ” იმძლავრა ნედვედისა და ტრეზეგეს გოლებით (2:0).

ბალოს საღამო – 30 იანვარი, 2008 წელი. “იუვენტუსი” – “ინტერი” 2:3

გახსოვთ მარიო ბალოტელის პირველი გამოჩენა დიდ საფეხბურთო სცენაზე? – დიახ, ეს ტურინში, “დიდ იტალიურ დერბში” მოხდა. იტალიის თასზე მეოთხედფინალის საპასუხო მატჩი იმართებოდა. პირველი შეხვედრა მილანში ფრედ (2:2) დასრულდა და ამიტომ, ნახევარფინალში “ბებერი ქალბატონის” გასვლის შანსი უფრო ფასობდა.

თუმცა, მეათე წუთზე 17 წლის ბალოტელიმ ბირინდელის შეცდომით ისარგებლა და ბელარდის გაუტანა, ხოლო მეორე ტაიმში დუბლი შეასრულა და ორმატჩიანი დუელის ბედი გადაწყვიტა. არადა, პირველი ტაიმი “იუვემ” მოიგო 2:1 (დელ პიეროსა და იაკუინტას გოლებით), მაგრამ ჯერ ხულიო კრუზმა პენალტით გაათანაბრა, მერე ბალოტელიმ წერტილი დასვა.

ორთაბრძოლა, მოურინიოს გაძევება – 5 დეკემბერი, 2009 წელი. “იუვენტუსი” – “ინტერი” 2:1

ჟოზე მოურინიოს მეორე სეზონი “ინტერში”, რომელიც დაუვიწყარი “ჰეთ-თრიქით” დასრულდა. “იუვენტუსში” ჩირო ფერარა მუშაობდა, რომელიც ჯერ კიდევ იანვარში დაითხოვეს. “იუვემ” დერბი 2:1 მოიგო – კიელინის გოლი სამუელ ეტო’ომ გაქვითა, ხოლო გამარჯვების ბურთი ახალგაზრდა კლაუდიო მარკიზიომ გაიტანა. გოლი, რომელიც ძალიან ლამაზი გამოვიდა.

აღნიშნული მატჩი ბევრი პოლემიკის ფონზე გაიმართა: “ინტერს” 2 პენალტი არ დაუნიშნეს, ვალტერ სამუელი არ გააფრთხილეს მაშინ, როდესაც უკვე ყვითელი ბარათი ჰქონდა, ხოლო ჟოზე მოურინიო უკვე 21-ე წუთზე იქნა გაძევებული პროტესტის გამო. თუმცა, მთავარი მაინც ფელიპე მელოსა და მარიო ბალოტელის ჩხუბი გამოდგა, რომელშიც ლამის ორივე გუნდი ჩაერთო. ამას მოჰყვა კივუსა და სისოკოს დაპირისპირება და მოედანზე სათადარიგო ფეხბურთელებიც კი შევიდნენ. გახსოვთ წყობიდან ჯიჯი ბუფონი? – ესეც ამ თამაშზე მოხდა, როდესაც ტურინელთა კარის დარაჯი ტიაგო მოტას ერჩოდა და რომ არა გამშველებლები, ვინ იცის საქმე სადამდე მივიდოდა...

დელ პიეროს პირველი და ბოლო – 26 მარტი, 2012 წელი. “იუვენტუსი” – “ინტერი” 2:0

ანტონიო კონტეს პირველი სეზონი “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელის რანგში. “ინტერი” კი ფანტასტიკური “ჰეთ-თრიქის” შემდეგ ნელ-ნელა დაღმასვლის გზას ადგას. სეზონი ფინიშის სწორსაა და “იუვე” სკუდეტოსკენ, რომელიც დიდი ხანი არ ჰქონდა მოგებული, წაუგებლად მიდის. გარდა ამისა, ეს იყო პირველი დერბი დ’იტალია, რომელიც ტურინელთა ახალ სტადიონზე ჩატარდა. “იუვენტუსს” ბევრი მომენტი ჰქონდა, მაგრამ იმ საღამოს დიდებულად თამაშობდა ჟულიო სეზარი. საპასუხოდ, დიეგო მილიტოსა და დიეგო ფორლანს ჯანლუიჯი ბუფონმა არ დაანება გატანა.

მეორე ტაიმში კი სტუმრები გატყდნენ: მარტინ კასერესმა თავური დარტყმით გახსნა ანგარიში, წერტილი ალესანდრო დელ პიერომ დასვა – ეს იყო “იუვეს” ლეგენდარული კაპიტნის პირველი გოლი იმ სეზონის სერია A-ში და ბოლო გოლი “დიდ იტალიურ დერბიში”...

სტრამაჩონის ბენეფისი “სთედიუმზე” – 3 ნოემბერი, 2012 წელი. “იუვენტუსი” – “ინტერი”

“იუვენტუსმა” სკუდეტო წაუგებლად მოიგო და მეორე სეზონშიც იგივე გაკეთებას აპირებდა. მეტიც, ამ მატჩამდე “იუვეს” ახალ სახლში, “იუვენტუს სთედიუმზე” არასდროს ჰქონდა წაგებული. მთლიანობაში კი ანტონიო კონტეს გუნდი სერია A-ს ზედიზედ 49 შეხვედრაში არ დამარცხებულიყო. მოკლედ, მასპინძლები შესაშური სერიის გაგრძელებას იტალიურ დერბშიც აპირებდნენ...

აღნიშნული მატჩიც ტურინელთათავის კარგად დაიწყო: არტურო ვიდალმა პირველივე წუთზე გახსნა ანგარიში. მართალია თამაშგარე იყო, მაგრამ ლაინსმენმა ეპიზოდი გაატარა. აი, მერე კი მოედანზე მილანელები დომინირებდნენ – მეორე ტაიმში დიეგო მილიტომ პენალტით გაათანაბრა, მერე დუბლი შეასრულა, ხოლო ბოლო წუთზე როდრიგო პალასიომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

“ინტერმა” ამ გამარჯვებით “იუვესთან” სხვაობა 1 ქულამდე შეამცირა და ჩემპიონობისთვის ბრძოლაში თითქოს ჩაერთო. თუმცა, ჰო, თითქოს, რადგან საბოლოოდ სკუდეტო “ბებერმა ქალბატონმა” მოიგო, ხოლო “ნერაძურიმ” სეზონი მეცხრე ადგილზე დაასრულა და ლიდერს 19 ქულით ჩამორჩა.

ბოლო, დისკვალიფიკაცია – 5 თებერვალი, 2017 წელი. “იუვენტუსი” – “ინტერი” 1:0

მივედით უკანასკნელ ტურინულ დაპირისპირებამდე, რომელიც გასულ სეზონში შედგა. “იუვენტუსი” უკვე თებერვალში მეექვსე ტიტულისკენ დამაჯერებლად მიიწევდა, საკუთარ მოედანზე მიჯრით 28 თამაში ჰქონდა მოგებული და 29-ე გამარჯვებას უმიზნებდა.

ამ თამაშის ბედი ხუან კუადრადოს ერთადერმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც კოლუმბიელმა შორი მანძილიდან ძლიერი დარტყმით გაიტანა. თამაშის ბოლოს სტუმრებს ნერვებმა უმტყუნეს – ივან პერიშიჩი მთავარ მსაჯ ნიკოლა რიცოლის გაუწყრა, ხოლო მაურო იკარდიმ მეოთხე მსაჯის მიმართულებით ბურთი ისროლა. სადისციპლინო კომიტეტმა ორივე ფეხბურთელს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა (მოგვიანებით ხორვატს სასჯელი ერთი თამაშით შეუმცირეს).

XXI საუკუნეში (2000 წლიდან) ტურინში "იუვენტუსი" და "ინტერი" (სერია A და იტალიის თასი) ჯამში 20-ჯერ დაუპირისპირდნენ. "ბებერმა ქალბატონმა" 10 თამაში მოიგო, 5 "ინტერმა", ხოლო შესაბამისად, 5 შეხვედრაში ფრე დაფიქსირდა. არცთუ შორეულმა წარსულმა ამ ორი გუნდის ისტორიაში ბევრი რამ დაიტია: კალჩოპოლი, სერია B, "ინტერის" ზედიზედ 5 სკუდეტო და ჰეთ-თრიქი, "იუვენტუსის" ზედიზედ 6 სკუდეტო, რამდენიმე რეკორდი, მიჯრით სამი დუბლი, ორჯერ ძალიან ახლოს ჰეთ-თრიქთან და "ინტერის" რამდენიმე წლიანი ჩავარდნა. მოკლედ, წინ დიდი სანახაობა გველოდება - თქვენს წინაშე Derby D'Italia იქნება. წარმოდგენა ჩვენი დროით გვიან ღამით დაიწყება...

0.055145