კალათბურთი

15:49 | 6.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

პაატა გურასპაული ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონების ქალაქში

საქართველოს კალათბურთის ფედერციის არჩევნები 11 დეკემბერსაა. პრეზიდენტობის კანდიდატი პაატა გურასპაული საკუთარი პროგრამით ქუთაისის საკალათბურთო საზოგადოებას წარუდგა. თუმცა, უშუალოდ შეხვედრამდე მან და მისმა თანამოაზრეებმა ქუთაისში გელა დარსაძისა და ავთო აფრიდონიძის საფლავები მოინახულეს.

რაც შეეხება შეხვედრას, როგორც აღინიშნა, მას ესწრებოდნენ საკალათბურთო საზოგადოების წარმომადგენლები, მწვრთნელები, ახალგაზრდა მოთამაშეები, თუმცა არ იყვნენ იმერეთის რეგიონის კალათბურთის ფედერაციის წევრები.

მწვრთნელებმა არაერთ საჭირბოროტო საკითხზე გაამახვილეს ყურადღება, რომელთაგან თითოეულს საკმარისი დრო დაეთმო სამსჯელოდ. როგორც სხვა რეგიონებში, კალათბურთი ქუთაისშიც დიდი პოპულარულობით სარგებლობს მზარდთა შორის. თუმცა ხშირია შემთხვევა, კალათბურთზე მისულ ბავშვებს უკან აბრუნებენ არასაკმარისი დარბაზების გამო.

- მსგავსი პრობლემა სხვა რეგიონებშიცაა, - თქვა პაატა გურასპაულმა, - სერიოზული მიხედვა უნდა, კალათბურთის ფედერაციამ აქტიურად უნდა ითანამშრომლოს განათლების სამინისტროსთან, რადგან არსებობს უამრავი საკითხი, რომლებიც ერთობლივად უნდა გადაწყდეს. მათ შორის დარბაზების კალათბურთისთვის დათმობის თემა, რაც არცთუ იოლი მისაღწევია. ამასთან, აუცილებელია, რომ კალათბურთს ლიცენზირებული მწვრთნელები ასწავლიდნენ. რატომ არ უნდა ჩატარდეს სამწვრთნელო სემინარები ქუთაისში, ბათუმში, ფოთში? უნდა ჩამოვიყვანოთ მაღალი დონის სპეციალისტები, რომლებს გამოცდილების გაზიარება ჩვენს მწვრთნელებს ბევრს შემატებს.

მასპინძლებმა კიდევ ერთ პრობლემაზე გაამახვილეს ყურადღება - ამა თუ იმ მწვრთნელს, სკოლას ორი ძლიერი გუნდის გამოყვანა შეუძლია, რატომ არ უნდა ჰქონდეს საქართველოს ჩემპიონატში ორი გუნდით გამოსვლის უფლება? პაატა გურასპაული დაჰპირდა, რომ ამ საკითხსაც კარგად შეისწავლის, ეს პრობლემა სულაც არ ჩანს გადაუჭრელი, საქმე შეიძლება რეგიონებში საკვალიფიკაციო ტურნირებმა გაამარტივონ, რაც თავისთავად მატჩების რაოდენობასაც გაზრდის.

შეხვედრის ბოლოს სიტყვა ითხოვა დიმიტრი ნაზარიშვილის კლინიკის ხელმძღვანელმა მერაბ კვიცარიძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა ვეტერან კალათბურთელებს ქუთაისში სტუმრობისთვის და თავის კლინიკაში დაპატიჟა საინტერესო პროექტში მონაწილეობის მისაღებად. მისი ინიციატივით იქმნება ხელნაწერი "ვეფხისტყაოსანი", რომლის ყველა სტროფს ცნობილი ადამიანები წერენ. პირველი სტროფი ჭაბუა ამირეჯიბმა გადაწერა. ნიკოლოზ დერიუგინმა, ნოდარ ქორქიამ და პაატა გურასპაულმა კი შესაბამისად, 929-2, 930-ე და 931-ე სტროფები გადაწერეს.

0.127346