პოლონეთის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ადამ ნავალკამ, თბილისში ჩამოსვლამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რომ საქართველოს ნაკრებთან 3 ქულის აღებას გეგმავს, მაგრამ ძალიან რთულ მატჩს ელის.
“საქართველოში ოპტიმისტური განწყობით მივემგზავრებით. სამი ქულისთვის ვიბრძოლებთ, მაგრამ ძალიან რთული მატჩი გველის. ყველა მოთამაშე 100 პროცენტით ჯანმრთელადაა და თავის კლუბებში სათამაშო პრაქტიკა აქვთ. ძალიან გვიხარია, რომ დიდი ხნის განმავლობაში პირველად, განვლილ უქმეებზე ნაკრების ყველა ფეხბურთელმა თავის კლუბებში ითამაშა. გამონაკლისი ტიაგო ციონეკია იტალიის “მოდენადან”, რომელმაც წითელი ბარათის გამო ვერ იასპარეზა და კშიშტოფ მაჩინსკი, რადგან ჩინეთის ჩემპიონატი დასრულდა” – იუწყება ნავალკას სიტყვებს ინტერნეტპორტალი პოლსკატიმეს.პლ-ი.
“ქართველების მარცხმა შოტლანდიასთან (0:1) და ირლანდიასთან (1:2) არ უნდა მოგვადუნოს. ჩვენ მეტოქეს საინტერესო გუნდი ჰყავს, მაღალი სათამაშო კულტურით და ტექნიკური ფეხბურთელებით, რომელთაც ერთი-ერთზე თამაში კარგად შეუძლიათ” – დაამატა პოლონელთა თავკაცმა.
პოლონელთა მეკარემ ვოიცეხ შჩესნიმ, რომელიც ლონდონის “არსენალში” გამოდის, შემდეგი თქვა:
“ისეთ მატჩებში, როგორც საქართველოს ნაკრებთან გველის, კონცენტრაციის შენარჩუნება რთულია, მაგრამ იმედია, რომ ჩემი კარის მიმართულებით ცოტას დაარტყამენ და გოლს არ გავუშვებ. თუ ოპონენტები ძალიან ხშირად არ “შემამოწმებენ” ე.ი. შედარებით უფრო იოლი შეხვედრა გვექნება”.
საქართველოსა და პოლონეთის ეროვნულ ნაკრებთა შეხვედრა 14 ნოემბერს, თბილისში “დინამო არენაზე” გაიმართება.