მოსკოვის “ლოკომოტივის” მცველი სოლომონ კვირკველია რუსეთის პრემიერლიგის XIX ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. 25 წლის ქართველ ფეხბურთელს ყაზანის “რუბინთან” კარგი თამაში გამოცემა Championat.com-მა დაუფასა.
“შესანიშნავი მატჩი ჩაატარა “ლოკომოტივის” ცენტრალურმა მცველმა სოლომონ კვირკველიამ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ. მისი დარწმუნებული თამაში “რკინიგზელებს” დაეხმარა “რუბინის” მინიმალური ანგარიშით დამარცხებაში”, - წერს გამოცემა.
საერთოდ, კვირკველია მიმდინარე სეზონში ტურის სიმბოლურში ძალზე ხშირად ხვდება. რუსული მედია ერთხმად აღიარებს, რომ ქართველი პრემიერლიგის ერთ-ერთი გამორჩეული მცველია. “ლოკომოტივი” კი გათამაშებას დამაჯერებლად ლიდერობს და 6 ქულით უსწრებს “ზენიტს”.