ფეხბურთი

17:35 | 2.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

სოლომონ კვირკველიას ოცნება - ტურინის "იუვენტუსი"
"როგორც იქნა, ჩემი ადგილი ვიპოვე და ძალიან ბედნიერი ვარ"

რუსეთის პრემიერლიგის ლიდერ მოსკოვის “ლოკომოტივის” ქართველი მცველი სოლომონ კვირკველია გამორჩეულ სეზონს ატარებს და პრემიერლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა.

შესაბამისად, ჩვენებური ყურადღების ცენტრშია და პრესის ფურცლებზეც ხშირად ხვდება. 25 წლის ფეხბურთელთან ამჯერად საკმაოდ საინტერესო ვრცელი ინტერვიუ თავად “ლოკომოტივის” პრესსამსახურმა ჩაწერა.

კვირკველიამ სხვა დასხვა საკითხებზე ისაუბრა. ქართველი ფეხბურთელის თქმით, ტურინის “იუვენტუსში” თამაშზე ოცნებობს. თუმცა, ამჟამად, ყველაზე მეტად რუსეთის ჩემპიონობა სურს. კვირკველიამ ასევე ისაუბრა საქართველოს თაობაზე და აღნიშნა, რომ მისი სამშობლო დედამიწაზე საუკეთესო ადგილია...

- საბა, დავიწყოთ გუნდის ამჟამინდელი მდგომარეობით. როდესაც “ლოკომოტივში” გადახვედით, წარმოიდგენდით, რომ 19 ტურის შემდეგ ლიდერები იქნებოდით?

- ჩვენ არა მხოლოდ პირველ ადგილზე ვართ, არამედ ყველა ლიდერი და პრინციპული მეტოქე დავამარცხეთ. ძალიან ბედნიერი ვარ იმით, სადაც ახლა ვიმყოფებით. ყოველთვის ვიცოდი, რომ “ლოკომოტივი” ძლიერი გუნდი გახლდათ. კმაყოფილი ვარ მიმდინარე სეზონითაც – ჩემი მოსვლის შემდეგ გუნდმა ზრდა განაგრძო.

- რატომ ვერ ახერხებთ სუსტ მეტოქეებთან ყოველთვის გამარჯვებას?

- შემთხვევითობაა, მეტი არაფერი. ზოგჯერ სახიფათო მომენტებს ვიყენებთ, ზოგჯერ – ვერ. ჩვენ ამ კომპონენტზე ვმუშაობთ.

- დაცვაში მოთამაშე გუნდის წინააღმდეგ თამაში უფრო რთულია თუ კონტრშეტევებზე?

- ეს კითხვა თავდამსხმელებს უნდა დაუსვათ (იღიმის).

- რომელი თამაში იყო ამ სეზონში თქვენთვის ყველაზე ემოციური?

- “სპარტაკთან” აგვისტოში. ჩვენი ბევრს არ სჯეროდა მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ცსკა დავამარცხეთ. პირველი ტაიმი 0:2 წავაგეთ, მაგრამ გასახდელში მობილიზება მოვახერხეთ, მწვრთნელმა რამდენიმე ცვლილება შეიტანა თამაშში. ჩვენ მეორე ტაიმში 4 გოლი გავიტანეთ. ეს იყო ნამდვილი ეიფორია, ჩვენ ვართ გუნდი!

- სიომინმა რამდენიმე სქემა გამოიყენა. ზოგჯერ ხუთი, ზოგჯერ – ოთხი მცველით. თქვენვის რომელი უფრო კომფორტულია?

- მე მჯერა მწვრთნელის. მისი გადასაწყვეტია რომელ პოზიციაზე ვითამაშებ და რა სქემაში. ვიმედოვნებ, რომ ვედრან ჩორლუკა მალე დაგვიბრუნდება. ის პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მცველია. ეს კონკურენციასაც გაზრდის და ითამაშებს ის, ვინც უკეთეს ფორმაში იქნება.

- მიმდინარე წელს არამარტო საკუთარ კარს იცავთ კარგად, არამედ შეტევაშიც ახერხებთ შედეგიანად თამაშს...

- ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სწორ მომენტში სწორ ადგილზე იყო. მაღალი ვარ და შემიძლია ეს გამოვიყენო. მაგალითად, სტანდარტების დროს და დავეხმარო გუნდს გოლით. მაგრამ, დაცვაში თამაში ყველაზე მეტად მიყვარს.

- რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის “რუბინთან” შეხვედრა?

- ყველაზე პრინციპული თამაში იყო ყაზანში. პირველად ვითამაშე “რუბინის” წინააღმდეგ, მას მერე, რაც “ლოკომოტივში” გადავედი. ამასთან, ბოლო წუთზე გოლი გავიტანე. რა თქმა უნდა, ეს ჩემი კარიერის ყველაზე დაუვიწყარი მომენტია.

- იური სიომინი და ყურბან ბერდიევი. თქვენ ორივესთან გიმუშავიათ. როგორ დაახასიათებდით?

- ორივე შესანიშნავი მწვრთნელია. რუსეთში ძალიან დიდ პატივს სცემენ. ისინი სრულიად განსხვავდებიან ერთმანეთისგან და განსხვავებული მიდგომები აქვთ. სიომინმა და ბერდიევმა ჩემპიონატში დიდი ნაბიჯები გადადგეს. ისინი გენიოსები არიან.

- ვისთან ხართ ყველაზე ახლოს “ლოკომოტივში”?

- დიმა ტარასოვთან და ალან კასაევთან. ჩვენ ძალიან ბევრს ვხუმრობთ. ზოგადად, “ლოკო” ძალიან კარგი გუნდია. ერთი ოჯახივით ვართ, არამხოლოდ მოედანზე, არამედ გასახდელსა და სტადიონს მიღმა. როგორც იქნა, ჩემი ადგილი ვიპოვე და ძალიან ბედნიერი ვარ.

- ევროპაში თამაშზე ოცნებობთ?

- ძალიან მიყვარს იტალიური ფეხბურთი. დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი “იუვენტუსში”, რომლის დიდი გულშემატკივარი ვარ. თუმცა, ისინი ჯერ კიდევ არ დაინტერესებულან (იღიმის).

- შეშფოთებული ხართ, რომ იტალია მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გავიდა?

- რა თქმა უნდა. ვნახე შვედეთთან ბოლო თამაში და შეშფოთებული ვიყავი. შეუძლებელი იყო გოლის გატანა. თუმცა, ამით ფეხბურთი არ დასრულებულა.

- იტალიის გარდა, საქართველოც ვერ ითამაშებს რუსეთში. რა მოხდა?

- საქართველოში ძალიან ცოტა ფეხბურთელია. ჩვენ იმდენი მოთამაშე რომ გვყავდეს, რამდენიც რუსეთშია, სამ ეროვნულ გუნდს გავაკეთებდით. ძალიან ძლიერი შემტევი სამეული გვყავს ჯანო, ოქრიაშვილი და ჭანტურია. სხვათა შორის, ყველა რუსეთში თამაშობს. მაგრამ თუ რომელიმე დაშავდება, შემცვლელი არ გვყავს. ასე მოხდა შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩებში. ოქრი და ჭანტურია ტრავმირებულები იყვნენ და ჩვენი შეტევა “კბილების” გარეშე დარჩა.

- თვალს ვადევნებთ თქვენს სოციალურ ქსელს: ინსტაგრამზე პატარა ქალიშვილის ფოტოებს აქვეყნებთ...

- ოჯახი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩემი მეუღლე და ჩემი შვლი ძალიან მიყვარს.

- როგორია თქვენი ჩვეულბრივი დღე?

- თითქმის ყოველდღე ერთი და იგივე გრაფიკი მაქვს. დილით ვსადილობ ვარჯიშამდე, შემდე სახლში ვბრუნდები და როგორც წესი, ამ დროს ჩემს შვისლ სძინავს. როდესაც იღვიძებს, მივდივართ მაღაზიაში, ბავშვების გასართობ ცენტრებში, რესტორანში...

- რა არის თქვენი ჰობი, რამეს აგროვებთ?

- “ლოკომოტივის” გამარჯვებებს ვაგროვებ!

- საბა, ახლა განსხვავებულ კითხვები იქნება და სწრაფად უნდა გვიპასუხოთ. ამ მომენტში მსოფლიოს საუკეთესო გუნდი?

- ესპანეთი. როგორც ჩვენი მირანჩუკია საუკეთესო ამჟამად...

- მირანჩუკი?

- ორივე ძმას ძალიან მაგარი სათამაშო სტილი აქვთ. ვფიქრობ, რუსეთში საუკეთესოები გახდებიან. მათ გიჟური პოტენციალი გააჩნიათ.

- თქვენი საყვარელი ფრაზა...

- მიყვარს სიტყვა – კარგი. როდესაც ვინმე რაღაცას მეუბნება და მოსმენა არ მინდა, ვეუბნები ოქეი, კარგი. ეს ნიშნავს, რომ ერთ ყურში შევუშვი და მეორედან გავუშვი (იღიმის).

- როგორ ზრუნავთ წვერზე და რატომ გაქვთ?

- როდესაც არ მაქვს, ამბობენ, რო ხუთი წლით პატარა ვარ. როდესაც დავიღლები წვერს აღარ გავიზრდი.

- მსოფლიოს საუკეთესო ცენტრალური მცველი?

- სერიხო რამოსი.

- რას ნიშნავს გამოთქმა “ვაჰ”. შეგიძლიათ ქართული ინტერპრეტაცია გვითხრათ?

- “ვაჰ” ეს ნიშნავს “ვაუ” – აღფრთხოვანების ერთგვარი გამოხატვაა.

- ერთი წუთი კითხვები ქალებზე: როგორი ქალები მოგწონთ ქართველებს?

- ერთგული. ქმარი მუშაობს, ხოლო ცოლი სახლში მოთმინებით ელოდება.

- საუკეთესო ადგილი დედამიწაზე?

- რა თქმა უნდა, საქართველო! ჩემი საყვარელი ქალაქი თბილისია. ასევე, ყველას ვურჩევ, რომ წავიდნენ მცხეთაში, რომელიც დედაქალაქიდან შორს არ მდებარეობს. ჩვენ გვაქვს ბევრი ტაძარი, ეკლესია და განსაცვიფრებელი ბუნება.

- რას არ გააკეთებდით არასდროს?

- პარაშუტით არასდროს გადმოვხტებოდი. სიმაღლის მეშინია. ვხუმრობ, ქართველებს არაფრის ეშინიათ!

- ყველაზე მეტად რომელი ტიტულის მოგება გინდათ?

- რუსეთის ჩემპიონატის. ამ მომენტში ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

- დაახასიათეთ საკუთარი თავი სამი სიტყვით...

- კეთილი, უბრალო, კარგი ხასიათი. ასევე, ვიტყვი, რომ ძალიან მიყვარს ფეხბურთი.

0.134618