კალათბურთი

10:25 | 2.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას ნაყოფიერი 15 წუთი NBA-ში

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი თამაში მოიგო “გოლდენ სტეიტ უორიორზმა”. სტივ კერის გუნდმა ამჯერად “ორლანდო მეჯიქი” მისსავე მოედანზე დაამარცხა ადვილად – 133:112.

“უორიორზის” სასტარტო ხუთეულში იყო ზაზა ფაჩულია, რომელმაც ყოფილი გუნდის წინააღმდეგ 15:11 ითამაშა. მიუხედავად საკმაოდ მცირე სათამაშო დროისა, ქართველი ცენტრი ურიგოდ არ გარჯილა: 6 ქულა, 8 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება – 15 წუთისთვის მართლაც სოლიდური შედეგია.

ზაზამ 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო (75%), რვავე მოხსნა კი საკუთარ კალათზე მიითვალა. აღსანიშნავია, რომ ჩვენებური ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო გახლდათ მოხსნების რაოდენობით.

“გოლდენ სტეიტის” რიგებში ყველაზე შედეგიანი კლეი ტომპსონი იყო 27 ქულით. კევინ დურანტმა საკუთარ გუნდს 25, ხოლო სტეფ კარიმ 23 ქულა შესძინეს.

23 შეხვედრაში “გოლდენ სტეიტ უორიორზი” 17 გამარჯვებითა და 6 მარცხით დასავლეთ კონფენერენციაში მეორე ადგილზე იმყოფება. “მეომრები” მომდევნო მატჩს 4 დეკემბერს, მაიამიში, ადგიობრივ “ჰიტთან” გამართავენ.

0.157615