“ლას პალმასმა” მიმდინარე სეზონში მეორე მწვრთნელი დაითხოვა. პაკო აიესტარანი დაკავებული თანამდებობიდან დღეს გაათავისუფლეს.
54 წლის სპეციალისტს ესპანეთის თასზე “დეპორტივოსთან” განცდილი საშინაო მარცხი (2:3) აღარ აპატიეს. მართალია, კანარული კლუბი შემდეგ ეტაპზე გავიდა, მაგრამ აიესტარანის მოსვლის შემდგომ, ჩატარებული 9 მატჩიდან “ლას პალმასი” 7-ჯერ დამარცხდა და ერთადერთი თამაში სწორედ ესპანეთის თასზე “დეპორტივოს” (4:1) მოუგო.
შეგახსენებთ, რომ აიესტარანმა 27 სექტემბერს მანოლო მარკესი შეცვალა. მისი ხელმძღვანელობით “ყვითლებმა” ლა ლიგაში 7-ჯერ ითამაშეს, 6 მატჩი წააგეს და კინკილა ქულის მოპოვება მხოლოდ გასულ ტურში მოახერხეს. ამ 7 მატჩში “ლას პალმასის” ბურთების შეფარდება ასეთია: 5 გატანილი და 22 გაშვებული. კანარელები 7 ქულით მე-19 ადგილზე არიან.
ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ იქნება “გრან კანარიას” ბინადრის ახალი დამრიგებელი.