დღეს, ეროვნული საფეხბურთო ლიგის პლეი ოფის პირველი მატჩები გაიმართება.
ბოლნისის „სიონი“ საკუთარ „თამაზ სტეფანიაზე“ ბათუმის „დინამოს“ შეხვდება. ბოლნისელები ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგიდან 2016 წელს გარდამავალი ჩემპიონატიდან გავარდნენ. თუმცა გუნდმა ერთი რანგით დაბალ ლიგაში კარგად იასპარეზა და უძლიერესთა შორის დაბრუნების შესანიშნავი შანსი აქვს. წარმატებული სეზონის მიუხედავად, ბოლო პერიოდში „სიონი“ არასტაბილურად ასპარეზობს, კობა ჟორჟიკაშვილის გუნდი ზედიზედ სამ შეხვედრაში დამარცხდა. ცუდი სეზონი ჰქონდა ბათუმის „დინამოს“. ეროვნული ლიგის სტარტზე ბათუმელები ჩემპიონობის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტებად მოიაზრებოდნენ, თუმცა „დინამომ“ გულშემატკივრის იმედი ვერ გაამართლა და უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნებისთვის უწევს ბრძოლა. გუნდმა სეზონის მიმდინარეობისას მთავარი მწვრთნელი რამდენჯერმა გამოიცვალა, საპლეიოფო მატჩებისთვის კი, ბათუმელებს გამოცდილი, ასლან ბალაძე ამზადებთ. "სიონისა" და "დინამოს" შეხვედრა 13:00 საათზე დაიწყება.
14:30 საათზე, ფოთის „პარკი არენაზე“, მეგრულ დერბიში ადგილობრივი „კოლხეთი“ მარტვილის „მერანს“ დაუპირისპირდება. ჩაგდებული სეზონის მიუხედავად ფოთელებს უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნების შანსი ეძლევათ და ბუნებრივია ალეკსანდრ შტელინის გუნდი მიზნის მისაღწევად ყველაფერს გაიღებს. მითუმეტეს, რომ გუნდის უკრაინელი ლეგიონერები ალეკსანდრ დერებჩინსკი და იგორ ბროვკო კარგ ფორმაში შევიდნენ. კონსტანტინე სეფიაშვილთან ერთად სწორედ მათი დამსახურებაა, რომ „კოლხეთმა“ გადათამაშების ზონაში ადგილის შენარჩუნება მოახერხა. რაც შეეხება „მერანს“, მარტვილელებს კარგი სეზონი ჰქონდათ. ისინი თითქმის მთელი სეზონი ლიდერობდნენ ეროვნულ ლიგა 2-ში, თუმცა გათამაშების დასკვნითი ნაწილი არასტაბილურად ჩაატარეს, მნიშვნელოვანი ქულები დაკარგეს და ლიდერობა „რუსთავს“ დაუთმეს. რაც არ უნდა იყოს მარტვილელთა მიზანი უცვლელია, „მერანს“ ეროვნულ ლიგაში დაბრუნდება სურს და ამითვის გუნდი ბოლომდე იბრძოლებს.
პლეი ოფის საპასუხო მატჩები 3 დეკემბერს ჩატარდება.
erovnuliliga.ge