ფეხბურთი

4:37 | 30.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: რუნიმ შოუ დადგა, “სიტის” სტერლინგმა მოაგებინა

“მანჩესტერ სიტი” შესანიშნავ სერიას განაგრძობს. ხოსეპ გვარდიოლას შეგირდებმა პრემიერლიგაში ზედიზედ მე-12 მატჩი მოიგეს, თუმცა ამჯერად გამარჯვების მოპოვება ძალიან გაუჭირდათ და რაჰიმ სტერლინგს უნდა უმადლოდნენ, რომ ეს მოგებათა სერია არ შეუწყდათ.

“ქალაქელები” “ეტიჰად სთედიუმზე” “საუთჰემპტონს” დაუხვდნენ. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში 47-ე წუთზე კევინ დე ბრუინმა საჯარიმო დარტყმით გახსნა. სტუმრებმა მეორე ნახევრის განმავლობაში ედერსონის კარის მიმართულებით ზუსტად მხოლოდ ერთხელ დაარტყეს და ის შეტევაც გოლით დასრულდა: 75-ე წუთზე მასპინძელთა დაცვა ჩავარდა, ბუფალმა ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ ორიოლ რომეუს გაუკეთა გადაცემა და ესპანელმა ნახევარმცველმა ბრაზილიელ მეკარეს შანსი არ დაუტოვა. მასპინძლები ქულების დაკარგვასთან ძალიან ახლოს იყვნენ. მსაჯმა შეხვედრას 5 წუთი დაამატა, ეს დრო ზუსტად ამოიწურა კიდეც, როდესაც საჯარიმოს მისადგომებიდან რაჰიმ სტერლინგმა მისგან შორეულ კუთხეში უზუსტესად დაარტყა და საკუთარ გუნდს 3 ქულა მოუტანა – 2:1.

“ჩელსიმ” გასავარდნ ზონაში მყოფ “სუონსის” უმასპინძლა. ლონდონელები მთელი მატჩი უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ, არაერთი საგოლე მომენტი შექმნეს, თუმცა მხოლოდ კინკილა გოლს დასჯერდნენ, რომელიც 55-ე წუთზე ანტონიო რუდიგერმა ახლო მანძილიდან თავური დარტყმით გაიტანა – 1:0.

“არსენალმა” “ემირეითს სთედიუმზე” “ჰადერსფილდი” მიიღო და შავი დღე აყარა. დედაქალაქელებმა მეტოქეს ისეთი ბურთები გაუტანეს, თითქოს პრემიერლიგის კი არა, არამედ სამოყვარულო კლუბს ეთამაშებოდნენ. “მეთოფეებმა” ანგარიში მე-3 წუთზევე გახსნეს: ძალიან ლამაზი კომბინაცია ალექსანდრე ლაკაზეტმა დაასრულა ზუსტი დარტყმით და მასპინძლებმა ტაიმი მინიმალური სხვაობით მოიგეს. სამაგიეროდ, არსენ ვენგერის შეგირდებმა მეორე ნახევარში გაილაღეს. სტუმართათვის კატასტროფული გამოდგა სამწუთიანი მონაკვეთი: 67-ე წუთზე კიდევ ერთი ბრწყინვალე კომბინაცია გაითამაშეს და ოლივიე ჟირუს ისღა დარჩენოდა, რომ ახლო მანძილიდან ზუსტად დაერტყა, რაც არ გასჭირვებია. ორ წუთში ალექსის სანჩესმა სხვაობა სამამდე გაზარდა, ხოლო კიდევ ორ წუთში აარონ რემსის გადაცემით მესუთ ოზილი მეკარესთან პირისპირ გავიდა და ლოსლის შანსი არ დაუტოვა. სტუმართა კუბოს ბოლო ლურსმანი ოლივიე ჟირუმ დააჭედა, 87-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში კოლოშინაცმა შეისეირნა და ფრანგ ფორვარდს გაატანინა – 5:0.

დამაჯერებლად იმარჯვა “ლივერპულმაც”, რომელიც “ბრიტანია სთედიუმზე” “სტოკს” ეწვია და სამი უპასუხო ბურთი გაუტანა. მერსისაიდელებმა ტაიმი სადიო მანეს გოლით მოიგეს, ხოლო მეორე ნახევარში საქმეში გუნდის ლიდერი მოჰამედ სალაჰი ჩაერია. ეგვიპტელმა ფეხბურთელმა 77-ე და 83-ე წუთებზე დუბლი გაიფორმა და 12 გატანილი გოლით ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ჩაუდგა სათავეში – 0:3.

როგორც იქნა ის თამაში აჩვენა “ევერტონმა”, როგორიც 150 მილიონის დამხარჯველ კლუბს ეკადრება. უფრო სწორედ კი, “კანფეტებმა” ასეთი შედეგი ტაბლოზე დააფიქსირეს, ხოლო უეინ რუნიმ “გუდისონ პარკზე” შეკრებილ ქომაგს საკუთარი შოუ შესთავაზა. “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ფეხბურთელმა მე-18 წუთზე პენალტი ვერ გაიტანა, თუმცა დამატებაზე იყოჩაღა და თავით შეაგდო. მან ათ წუთში დუბლი გაიფორმა და ტაიმი 2:0 დასრულდა. მეორე ნახევარში “ვესტ ჰემს” გარდატეხის შეტანა შეეძლო, მაგრამ ლანცინიმ 59-ე წუთზე პენალტი გააფუჭა. 66-ე წუთზე კი მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული გოლი ვიხილეთ: ჯო ჰარტმა გამოსვლაზე ითამაშა და ბურთი მეტოქის ნახევარზე მოიგერია, საიდანაც უეინ რუნიმ შეუჩერებლად გაისროლა და 50 მეტრზე შორიდან ჰეთ-თრიკი გაიფორმა. “ჩაქუჩების” წვალებას ბოლო 78-ე წუთზე მოეღო: გილფი სიგურდსონმა კუთხური მოაწოდა, საჯარიმოში კი ყველას ეშლი უილიამსმა დაასწრო და თავური დარტყმით ჯო ჰარტის კარი მეოთხედ აიღო – 4:0.

მშვენივრად ასპარეზობს "ბარნლი", რომელმაც გასვლაზე "ბორნმუთი" დაამარცხა, "ტოტენჰემს" გადაუსწრო და მე-6 პოზიციამდე აღზევდა.

არსენალი – ჰადერსფილდი 5:0 (1:0)

გოლები: 1:0 ლაკაზეტი (3), 2:0, 5:0 ჟირუ (68; 87), 3:0 სანჩესი (69), 4:0 ოზილი (72)

ბორნმუთი – ბარნლი 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 ვუდი (37), 0:2 ბრედი (65), 1:2 კინგი (79)

ჩელსი – სუონსი 1:0 (0:0)

გოლები: რუდიგერი (55)

ევერტონი – ვესტ ჰემი 4:0 (2:0)

გოლები: 1:0, 2:0, 3:0 რუნი (18; 28; 66), 4:0 უილიამსი (78)

მე-18 წუთზე რუნიმ პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე), 59-ე წუთზე ლანცინიმ პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)

მანჩესტერ სიტი – საუთჰემპტონი 2:1 (0:0)

გოლები: 1:0 დე ბრუინი (47), 1:1 რომეუ (75), 2:1 სტერლინგი (96)

სტოკი – ლივერპული 0:3 (0:1)

გოლები: 0:1 მანე (17), 0:2, 0:3 სალაჰი (77; 83)

0.212316