ფეხბურთი

21:36 | 29.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსში" მორიგი განხეთქილებაა

იტალიის ჩემპიონ ტურინის “იუვენტუსის” შესახებ კიდევ ერთი სკანდალური ინფორმაცია ვრცელდება. როგორც ინტერნეტპორტალი Dagospia.com-ი (ბლოგერ რობერტო დ’აგოსტინოს საიტი) იტყობინება, “ბებერი ქალბატონის” ფეხბურთელებს შორის განხეთქილებაა. კერძოდ, გუნდის ვეტერან წევრებსა და ლეგიონერებს შორის.

აი, რას წერს ზემოხსენებული წყარო: “გასახდელში ვეტერანებსა და ლეგიონერებს შორის მძაფრი სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. შედეგი: სამმა ლეგიონერმა უკვე იანვარში მოითხოვა ტრანსფერზე დაყენება და გაყიდვა”.

ჯერჯერობით, იტალიური მედია უფრო ხელმოსაჭიდს არაფერს იუწყება. ვეტერანები შეგვიძლია ასაკის მიხედვით ვივარაუდოთ, მაგრამ რომელი სამი ლეგიონერი ითხოვს გუნდიდან წასვლას, ამის ვარაუდი ძალზე რთულია, რადგან ტურინულ გრანდში საკმაოდ ბევრი არაიტალიელი ფეხბურთელი ირჯება.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალის დროს “იუვეს” გასახდელში მომხდარ დაპირისპირებაზე ადრე არაერთხელ დაიწერა - კულუარულ ინფორმაციებს თუ დავუჯერებთ, ლეონარდო ბონუჩისა და დანი ალვეშის ტურინიდან აბარგებაც ამის შედეგი გახლდათ...

თეგებიიუვენტუსი
0.129437