თამაშგარე

10:56 | 29.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნაინგოლანის ცოლი რომს “ერთგულებას ეფიცება“

მთელმა ევროპამ უწყის, იტალიურ “რომაში“ მობურთალი ბელგიელი რაჯა ნაინგოლანის ცოლის, ტატუმრავალი კლაუდია ნაინგოლანის შესახებ, რომელიც ბებერმა კონტინენტმა რაჯას ცოლობის გარდა იმითაც გაიცნო, რომ ამ ქალს სადაც კი თავისუფალი ალაგი აქვს, ყველგან ტატუ აქვს ამოკემსილი და აკი ჩვენც ტატუმრავლად მოვიხსენიებთ.

ბოლო დროს, გავრცელდა ჭორი იმის შესახებ, რომ თითქოს რაჯა რომიდან და საერთოდ იტალიიდან აბარგებას აპირებს და რამდენიმე ბრიტანულ კლუბს ეკურკურებაო. ამ ამბის გამგონე კლაუდიამ ქოში უკუღმა ყარა და განაცხადა, რომ მასა და მის ქმარს რომთან გრძელვადიანი გეგმები აკავშირებთ და “მარადიული ქალაქიდან“ ფეხის გამდგმელები არ არიან.

კლაუდიას ამ შემთხვევაში ქმრის საკმაოდ წარმატებული საფეხბურთო კარიერაზე არანაკლებად, საკუთარო ბიზნესის ბედიც ანაღვლებს და ამიტომაცაა ასეთი შეუვალი და კაპასი. კლაუდია ნაინგოლანს რომში ქალის პარფიუმერიის საკუთარი მაღაზია ჰქონია და ადამიანს თუ თავისი ბიზნესი არ უყვარს, ის სხვას შეიყვარებს?!...

0.152206