კალათბურთი

14:45 | 28.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

დავით როგავა: “სკამი გამოჩნდა და ეს დადებითი მოვლენაა”

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის ილიას ზუროსის ასისტენტმა დავით როგავამ გერმანიასთან და სერბეთთან ჩატარებული მატჩები შეაფასა.

ქართველმა სპეციალისტმა მადლობა გადაუხადა კალათბურთელებს ბრძოლისთვის და დასძინა, რომ მომდევნო ორი შეხვედრა აუცილებლად მოსაგები იქნება.

“ანგარიშის მიუხედავად, საკმაოდ დაძაბული მატჩი იყო. სამი მეოთხედის განმავლობაში თითქმის თანაბარი თამაში მიმდინარეობდა. თუმცა, ბოლოს დაღლამაც იჩინა თავი, როგორც გერმანიაში.

ამ ორ თამაშში დადებითი ისაა, რომ სკამი გამოჩნდა. როდესაც დაბრუნდებიან გუნდის ლიდერები გიორგი შერმადინი, თორნიკე შენგელია, დუდა სანაძე, გიორგი ცინცაძე – სრული შემადგენლობით რომ ვიქნებით, უფრო მეტი შანსი და როტაციის საშუალება გვექნება.

ძალიან დიდი მადლობა ბიჭებს ამ თამაშებისთვის. შემდეგი ორი მატჩი, სტუმრად ავსტრიასთან და სახლში გერმანიასთან აუცილებლად უნდა მოვიგოთ”, - განუცხადა როგავამ კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურს.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ორი მარცხით მესამე ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრები უკვე გაისად, თებერვალში გაიმართება.

0.121115