ტურინის “იუვენტუსის” მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი იტალიის ნაკრებში დაბრუნებაზე ალაპარაკდა. ვეტერანი კიპერის განცხადებით, თუ მას ეროვნულ გუნდში მიიწვევენ, უარს ვერ იტყვის.
“მივაღწიე გარკვეულ ასაკს და გაჩერება აუცილებელი იყო. თუმცა, თუ იტალიას მეკარე დასჭირდება და დამიძახებენ, მზად ვარ ეროვნულ ნაკრებს 60 წლის ასაკშიც დავუბრუნდე. გამოსათხოვარი შეხვედრა? – ვფიქრობ ჯერ კიდევ არის დარჩენილი მატჩები, სანამ კარიერას დავასრულებ, ვნახოთ”, - თქვა ბუფონმა.
შეგახსენებთ, ჯანლუიჯი ბუფონი იტალიის ნაკრებში 1997 წლიდან მოყოლებული თამაშობდა და 175-ჯერ დაიცვა ეროვნული გუნდის ღირსება. მას შემდეგ, რაც “სკუადრა აძურა” მუნდიალზე ვერ გავიდა, ჯიჯიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა. თუმცა, არაა გამორიცხული, რომ ერთ-ერთი სპარინგი მისთვის გამოსათხოვარი თამაში გამოდგეს.