ტურინის “იუვენტუსის” კაპიტანი ჯანლუიჯი ბუფონი იტალიის სერია A-ს 2016-2017 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ყოველწლიურ დაჯილდოვებაზე, რომელსაც იტალიის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაცია ატარებს, 39 წლის მეკარემ პირველობა არავის დაუთმო. საუკეთესოს პრიზის გადაცემის შემდეგ ჯიჯიმ იხუმრა კიდეც:
“ახლა ვიცი, რატომ წავაგეთ შვედეთის ნაკრებთან (იღიმის). ხუმრობის გარეშე კი, ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ. ძალიან მინდოდა ამ ჯილდოს მოგება”, - თქვა ბუფონმა.
გარდა ამისა, ლეგენდარული კიპერი იტალიის წლის საუკეთესო მეკარეც გახდა. ლაურეატები გამოვლინდნენ სხვა ნომინაციებშიც:
საუკეთესო მწვრთნელი – მაურიციო სარი
საუკეთესო მსაჯი – ნიკოლა რიცოლი
სერია A-ს საუკეთესო გუნდი - "იუვენტუსი"
სერია B-ს საუკეთესო ფეხბურთელი – ალესიო კრანიო
წლის სიმბოლური ნაკრები: ბუფონი, დანი ალვეში, ბონუჩი, კულიბალი, ალექს სანდრო, მარეკ ჰამშიკი, მირალემ პიანიჩი, რაჯა ნაინგოლანი, დრის მერტენსი, პაულო დიბალა, გონსალო იგუაინი.