საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩს დღეს სერბეთში გამართავს. თამაშის წინ საქართველოს ნაკრებში არსებულ მდგომარეობაზე ნიკოლოზ ცქიტიშვილმა კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურთან ისაუბრა.
“ყველამ ვიცით, რომ ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებს ვეთამაშებით - სერბეთს. ჩვენი მიზანი და შანსია ის, რომ მაქსიმალურად გადავერთოთ დაცვაზე. ეს ჩვენი უპირატესობაა. შანსი ყოველთვის არსებობს და ყველაფერს გავაკეთებთ მის გამოსაყენებლად. გუნდი აშკარად უკეთეს ფორმაშია. დაახლოებით 2 კვირაა ერთად ვართ და ვხედავთ, რომ ყოველდღე უკეთესობაა. თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო გვქონდა. დარწმუნებული ვარ, თებერვალში გაცილებით კარგ ფორმაში ვიქნებით. ნაკრებში ძალიან ბევრი ახალგაზრდაა და შეიძლება ითქვას, რომ ნახევარი გუნდი თითქმის ახალია. ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად დავიხარჯებით”, - განაცხადა ცქიტიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სერბეთისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი დღეს, 27 ნოემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.