ძიუდოს კლუბმა "მებრძოლმა” ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ, მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. საქართველოს ნაკრების ბაზაზე დაკომპლექტებულმა გუნდმა გუშინ, ანკარაში გამართულ "ოქროს ლიგაში” ოქროს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი პირველსავე წრეში დაკარგა, რუსეთის "ნიუ სტრიმთან” 1:4 წაგებით. ბრინჯაოს გზაზე კი ჯერ ჩერნოგორიის "აკადემიკს” სძლია 5:0, ხოლო გადამწყვეტ ბრძოლაში საფრანგეთის "სგს”-ს აჯობა – 3:2.
ევროკონკურენციაში სულ 8 კლუბი ჩაება. მათ შორის არ იყო კონტინენტის 2016 წლის ჩემპიონი "საგარეჯო”, რომელიც შარშანდელი ტრიუმფის შემდეგ დაიშალა. გუნდის რამდენიმე წევრი "მებრძოლს” დაემატა, მაგრამ ამჯერად ქართველი ძიუდოისტები მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდნენ.
ევროპის საკლუბო ჩემპიონატი რუსული ფინალით დასრულდა. "იავარა ნევამ” "ნიუ სტრიმს” 4:1 მოუგო. პოდიუმის მესამე საფეხურზე კი "მებრძოლთან” ერთად ლისაბონის "სპორტინგი” ავიდა.