გერმანიის ბუნდესლიგის მეცამეტე ტურში ისეთი შეხვედრა შედგა, რომ მასზე კიდევ დიდხანს ისაუბრებენ. “დორტმუნდისა” და “შალკეს” შესრულებით “სიგნალ იდუნა პარკზე” ნამდვილი სპექტაკლი დაიდგა – “ბორუსია” 4:0 იგებდა, მაგრამ “ხუმარები” არ გატყდნენ და თამაში გადაარჩინეს.
რურის დერბი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია და რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც ეს შემთხვევა ყოფილა. გუნდები განსხვავებულ მდგომარეობაში შეხვდნენ მატჩს: “დორტმუნდი” მოუგებელი სერიით და ძალიან ცუდ ფორმაში, “შალკე” პირიქით – წაუგებლად და მეორე პოზიციით. ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემა “კიკერმა” თამაშამდე ირონიული ფოტოც მიუძღვნა რურის დერბს – “შალკესა” და “დორტმუნდის” ლოგოები შეანაცვლა. შესაბამისად, ყვითელი ლურჯი, ხოლო ლურჯი ლოგო ყვითელი ფერში შემოსა. ბუნებრივია, ეს იმას უძღოდა წინ, რომ “შალკე” მისთვის ბოლო პერიოდში არადამახასიათებლად კარგად, “ბორუსია” კი ცუდად თამაშობს.
რურის მორიგი დერბი კი დიდებული სანახავი გამოდგა. მეტიც, ფანტასტიკური. პეტერ ბოშის გუნდი უმალ ეკვეთა მეტოქეს და შეიძლება ითქვას, მალევე ყველაფერი გაარკვია. 25-ე წუთზე პაულო გერეიროს გოლით ტაბლოზე 4:0 აციმციმდა. “დორტმუნდმა” ასეთ მცრიე მონაკვეთში 4 გოლი გელზენკირხენელებს ბოლოს 1964 წლის სექტემბერში გაუტანა (23 წუთში) და ის თამაში მოიგო კიდეც (6:2). თუმცა, დღეს მოვლენებს ასეთი განვითარება არ ეწერა. მეორე ტაიმში თამაშის სურათი რადიკარულად შეიცვალა. “დორტმუნდმა” ანგარიშის შენარჩუნებაზე დაიწყო ფიქრი, მაგრამ მიზანს ვერ უწია. რომან ვაინდეფელერისა და მცველების საშინელი თამაშით, ბევრი შეცდომებით ტედესკოს ბიჭები ძალზე კარგად სარგებლობდნენ. 4:3 იყო ანგარიში მსაჯმა შეხვედრას 7 წუთი რომ დაამატა. მეოთხე კომპენსირებულ წუთზე კი ბრაზილიელმა ნალდომ, რომელსაც რატომღაც არავინ მეურვეობდა, “ყვითლების” კარში ბოლო ლურსმანი ჩააჭედა და ანგარიში გათანაბრდა. მართლაც საოცარი თამაში გამოვიდა. ისტორიულ ქამბექს (რომელსაც ხშირად ვერ ვნახავთ) თავი რომ დავანებოთ, 4:4 – ეს ხომ ზღაპარია?! სხვათა შორის, აქამდე ბუნდესლიგაში ერთადერთხელ მომხდარა, რომ 4:0 რომელიმე გუნდს ამოექაჩოს. 1976 წელს “ბაიერნი” ასე აგებდა “ბოხუმთან”, მაგრამ მოიგო (6:5). თუმცა, ახლა სხვა დროა და სხვა ფეხბურთი... “შალკემ” წაუგებელი სერია დაასრულა და მართალია მეორე ადგილი დათმო, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ზონაში ტრიალებს და წელს მართლაც ბევრს უნდა ველოდეთ გელზენკირხენთაგან. “დორტმუნდს” კი გამარჯვების გემო დავიწყნია და ვინ იცის, როდემდე გააგრძელებს სიბნელეში ყოფნას...
რომ არა, “სიგნალ იდუნა პარკზე” მოვლენების საოცრად განვითარება, ჩვენს მიმოხილვას უსათუოდ მიუნხენის “ბაიერნზე” საუბრით დავიწყდებდით. იმ “ბაიერნის”, რომელმაც იუპ ჰაინკესის დაბრუნების შემდეგ პირველი თამაში წააგო და საერთოდ, წინა 9 თამაშიდან ყველა მოიგეს იუპის ბიჭებმა. მაგრამ ამჯერად გამოცდილი სპეციალისტი თავის წარსულთან ვერაფერს გახდა და მიონხენგლადბახის “ბორუსიასთან” დამარცხდა – 1:2. ვინც არ იცით, გეტყვით, რომ ჰაინკესი ბუნდესლიგაში “გლადბახის” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია 195 გოლით. დღეს კი, მასპინძლებმა პირველი ტაიმის ბოლოს მოკლე მონაკვეთში გაუტანეს “რეკორდმაისტერს” ორი გოლი და ეს საკმარისი გამოდგა 3 ქულისთვის. არტურო ვიდალის გვიანი გოლი კი მხოლოდ პრესტიჟისღა გამოვიდა. მიუნხენური გიგანტი მიმდინარე სეზონში მეორედ დამარცხდა, თუმცა ლიდერის პოზიციას ისევ ინარჩუნებს.
ვიცე-ჩემპიონი “ლაიფციგი” აგრძელებს სტაბულირად თამაშს და “შალკეს” ფრის მერე, მეორე ადგილზე გადავიდა. რალფ ჰასენჰუტლის გუნდმა უსახური “ვერდერი” საკუთარ მოედანზე აუღელვებლად, ნერვიულობის გარეშე დაამარცხა (2:0. “ლაიფცი” ახლა “ბაიერნსაც” ჩაუდგა კვალში. სხვაობა სულ სამი ქულაა, მაგრამ რამდენად ეყოფა “რედ ბულს” ძალა და ენერგია, ამას მომავალი გვაჩვენებს.
ტურის სხვა მატჩებს რაც შეეხება – გამოვარჩიოთ ლევერკუზენის “ბაიერის” სამი ქულა ფრანკფურტში. “ფარმაცევტები” ნელ-ნელა გუნდს ემსგავსებიან და ამასობაში, ჩემპიონთა ლიგის ზონაც გამოჩნდა ჰორიზონტზე. “ვოლფსბურგმა” ტაიმი მოუგო სტუმრად “აუგსბურგს”, მაგრამ მერე ვეღარ გაძლო და შინ უქულოდ, დამარცხებული დაბრუნდა. “ფრაიბურგმა” კი, მნიშვნელოვანი გამარჯვება ჰპოვა სახლში “მაინცთან” და გასავარდნი ზონა დატოვა.
თუმცა, 2017-2018 წლების სეზონის ბუნდესლიგის მეცამეტე ტური ისტორიას მაინც დაუვიწყარი რურის დერბით შემორჩება. დედა, რა იყო ეს?!
“აუგსბურგი” – “ვოლფსბურგი” 2:1 (0:1)
გოლები: 0:1 დიდავი (40), 1:1 გრეგორიტში (51), 2:1 ფინბოგასონი (78)
“დორტმუნდი” – “შალკე” 4:4 (4:0) VIDEO
გოლები: 1:0 ობამეიანგი (12), 2:0 სტამბული (18, ა.გ), 3:0 გიოტცე (20), 4:0 გერეირო (25), 4:1 ბურგსტალერი (61), 4:2 ჰარიტი (65), 4:3 კალიჯური (86), 4:4 ნალდო (90)
“აინტრახტი” – “ლევერკუზენი” 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 ვილანდი (76)
“ფრაიბურგი” – “მაინცი” 2:1 (0:0)
გოლები: 1:0 პეტერსენი (51), 2:0 კატი (90), 2:1 ბერგრენი (90)
“ლაიფციგი” – “ვერდერი” 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 კეიტა (34), 2:0 ბერნარდო (87)
“გლადბახი” – “ბაიერნი” 2:1 (2:0) VIDEO
გოლები: 1:0 აზარი (39, პენ), 20 გინტერი (44), 2:1 ვიდალი (74)