26 ნოემბერს, საღამოს შვიდ საათზე საქართველოს ჩემპიონის ვინაობა ცნობილი იქნება. "დინამო არენაზე” ხუთ საათზე იწყება გადამწყვეტი მატჩი: “დინამო”-“ტორპედო”. ისე მოხდა, რომ ჩემპიონობის მაძიებლები ბოლო ტურში ხვდებიან ერთმანეთს და სატურნირო ამბავი თავადაც იცით, თბილისელებს ფრეც ხელს აძლევთ, ქუთათურებს კი მხოლოდ მოგება სჭირდებათ.
დინამოელებს დააკლდებათ დისკვალიფიცირებული ლაშა თოთაძე – საჯარიმოების ოსტატი, რომელმაც წლეულს არაერთხელ საკვანძო გოლი გაიტანა და მათ შორის, ერთი ქუთაისშიც.
ურთიერთშეხვედრებში, ზოგადად და წლეულსაც, დინამოელებს დიდი უპირატესობა აქვთ. კახა კაჭარავას გუნდმა ამ სეზონში ორი მატჩი მოუგო უპრინციპულეს მეტოქეს, ერთიც ფრედ დაასრულა.
ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით, “ტორპედოს” ხუთ წელიწადზე მეტია, რაც “დინამოსთვის” არ მოუგია. ბოლოს 2002 წლის გაზაფხულზე იმარჯვეს, “დინამო არენაზე” 2:1. თუმცა შარშან ამ დროს თასის ნახევარფინალში აჯობეს ქუთაისელებმა - 3:2.
სავარაუდოდ, “დინამო” აქამდე არ მიიყვანდა საქმეს, რომ არა წამყვანი ფეხბურთელების გამოკლება. ზაფხულში კაჭარავას გუნდი ლამის განახევრდა, მერე ორ თვეში კიდევ გამოაკლდათ ფეხბურთელები – ყველანი უცხოეთში წავიდნენ.
“დინამო” მართლაც კარგი გუნდი იყო აგვისტომდე, მერე კი აშკარად დათმო პოზიციები. “ტორპედოსაც” შანსი მიეცა, 2002 წლის მერე პირველად გახდეს ჩემპიონი.
I წრე. ტორპედო-დინამო 0:2 (0:1)
გოლები: 0:1 არაბული (41), 0:2 თევზაძე (69)
II წრე. დინამო-ტორპედო 2:1 (0:1)
გოლები: 0:1 დოლიძე (43), 1:1 პაპუნაშვილი (50), 2:1 ხურციძე (66 საკ.კარში)
III წრე. ტორპედო-დინამო 1:1 (0:0)
გოლები: 0:1 თოთაძე (62), 1:1 კუჭუხიძე (90+4)