საქართველოს 2015 და 2016 წლის ჩემპიონებმა, “სამტრედიამ” და “დილამ” სეზონი დაასრულეს. “ეროსი მანჯგალაძეზე” ამ გუნდთა შეხვედრაში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, თუმცა, შედეგს დიდი მნიშვნელობა არც ჰქონია. ყველაფერი გარკვეული იყო მათთვის და შესაბამისად, ბოლო ტურის შეხვედრა არსებითად არაფერს წყვეტდა.
უხვგოლიანი შეხვედრა კი იხილა “ეროსი მანჯგალაძეზე” შეკრებილმა ძალზე მცირერიცხოვანმა გულშემატკივარმა. თავიდან გიორგი დარასელიას გუნდი იგებდა მაგრამ საბოლოოდ ისე მოხდა, რომ “დილამ” მარცხისგან თავი ბოლო წუთზე დაიხსნა.
პირველი ტაიმის მიწურულს ლაშა კასრაძემ ფანცულაია წააქცია საჯარიმოში და გიორგი ყრუაშვილმა პენალტი დანიშნა, რომელიც ირაკლი ძარიამ ზუსტად დაარტყა – 0:1. მეორე ნახევარში საქმე სამტრედიელთა აფრიკელი ლეგიონერბი ჩაერთვნენ და სიტუაციაც შეიცვალა. ჯერ იყო და, მაიკლ ოლაიტანმა კუთხურის მერე თავით გაათანაბრა, ხოლო მერე ანტე გიიმ გაიტანა. კოტ დივუარელმა სტანდარტის შემდეგ იხეირა: ოლაიტანმა კარგად დაუგდო და მანაც ერთი შეხებით ცხრიანში ჩასვა ბურთი. საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ ოლაიტანიც და გიიც “სამტრედიას” ლიდერებად ჩამოყალიბდნენ და კარგი იქნება, იმერული გუნდი მათ შენარჩუნებას თუ მოახერხებს. ბოლო პერიოდში ხომ აწ უკვე ყოფილი ჩემპიონის რიგებში ყველაზე გამორჩეულები სწორედ ზემოხსენებული შემტევები იყვნენ.
“დილამ” კი ბოლომდე იბრძოლა და სეზონის უკანასკნელი თამაში მაინც არ დათმო. მსაჯის მესამე დამატებული წუთი მიმდინარეობდა, როდესაც უჩა სოსიაშვილის გუნდის მცველებმა კონცენტრაცია დაკარგეს, ხოლო ფანცუალიამ ეს არ აპატია მასპინძლებს და ახლო მანძილიდან შეაგდო - 2:2.
ასე დასრულდა “სამტრედიასთვის” და “დილასთვის” 2017 წლის ეროვნული ლიგა. იმერლებმა 68 ქულა დააგროვეს 36 თამაშში და მესამე ადგილი დაიკავეს. შესაბამისად, ზედიზედ მესამედ მოახერხეს ევროსარბიელზე გასვლა. “სამტრედია” საქართველოს სახელს ამჯერად ევროპა ლიგაზე დაიცავს. რაც შეეხება გორის “დილას” – ამ გუნდს სეზონის წინ უფრო მაღალი ამბიციები ჰქონდა, ვიდრე საბოლოოდ მიაღწია, მაგრამ ამოცანა მაინც გადაჭრა და ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. “დილამ” 41 ქულით მეშვიდე პოზიცია დაიკავა და ახლა შეუძლია, დამდეგი სეზონისთვის მოემზადოს.
ეროვნული ლიგის ბოლო ტურის დანარჩენი მატჩები ხვალ, 26 ნოემბერს გაიმართება. მათ შორის, ყველაზე მთავარი თბილისშია დაგეგმილი – ჩემპიონის ვინობაც სწორედ აქ, “დინამოსა” და “ტორპედოს” მატჩით გაირკვევა.
“სამტრედია” – “დილა” 2:2 (0:1)
სამტრედია, “ეროსი მანჯგალაძე”
“სამტრედია”: მიგინეიშვილი, კასრაძე, მანჯგალაძე (მარკოზაშვილი 90), რაჟამაშვილი (ოლხოვი 82), საბანაძე (სამუშია 89), ახალაძე, მჭედლიშვილი, ბალდე, დათუნაიშვილი, გიი, ოლაიტანი
მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
“დილა”: ბეგაშვილი, მაჩაიძე, პაპავა, ნონიკაშვილი (კუსიანი 74), ფანცულაია, კერელეიშვილი, კირკიტაძე, კვახაძე, მორასი, ძარია (ჰეიფორდი 79), პედრინიო (აშორტია 46)
მწვრთნელი: გიორგი დარასელია
გოლები: 0:1 ძარია (31, პენ), 1:1 ოლაიტანი (50), 2:1 გიი (76), ფანცულაია (90)
გაფრთხილება: კასრაძე (30), გიი (56) – პაპავა (62)
მსაჯი: გ. ყრუაშვილი