ფეხბურთი

21:45 | 25.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

მეტოქეთაგან დაფასებულნი...

ფეხბურთში არცთუ ხშირია შემთხვევა, როდესაც მეტოქე გუნდის ქომაგები გარჯას გიფასებენ და აპლოდისმენტებით გაჯილდოვებენ. ეს, მართლაც ერთეულთა ხვედრია. ახლა ჩვენ იმ 10 შემთხვევას გავიხსენებთ, როდესაც ფეხბურთელებს უცხო სტადიონზე ფეხზე წამოუდგნენ და ტაშით გააცილეს.

რონალდინიო – 2005 წელს “ბარსელონას” შემტევმა “სანტიაგო ბერნაბეუზე” ნამდვილი შოუ მოაწყო. მიუხედავად იმისა, რომ “რეალმა” მოსისხლე მტერთან მწარე მარცხი იწვნია (0:3), ბრაზილიელის მიმართ ადგილობრივ პუბლიკას აპლოდისმენტები არ დაუშურებია.

ალესანდრო დელ პიერო – “სანტიაგო ბერნაბეუ” მეტოქეების დაფასებაში მართლაც უკონკურენტოა. ჩვენს ათეულში მადრიდში მომხდარი კიდევ ერთი ფაქტი მოხვდა. 2008 წელს ტურინის “იუვენტუსმა” “სამეფო კლუბი” ალესანდრო დელ პიეროს დუბლით დაამარცხა, ხოლო როდესაც იტალიელი შეცვალეს, მას მადრიდელი ქომაგები ფეხზე წამოუდგნენ და აპლოდისმენტებით დააჯილოდვეს. დელ პიეროს მოგვიანებით იგივე პატივი კიდევ ერთ ლეგენდარულ სტადიონზე, “ოლდ ტრაფორდზე” მიაგეს (2011 წელს).

დენის ბერგკამპი – 2003 წელს ჰოლანდიელმა ვარსკვლავმა “მანჩესტერ სიტის” კარში სამი გოლი გაიტანა. “ქალაქელების” ქომაგებმა კი ბერგკამპი ტაშით გააცილეს.

ნეიმარი – ბრაზილიელი ჯერ კიდევ “სანტოსის” რიგებში გამოდიოდა, როდესაც ასეთი პატივი დაიმსახურა. ნეიმარმა “კრუზეიროსთან” ჰეთ-თრიქი შეასრულა, რის გამოც მასპინძელი ქომაგებისგან ტაში დაიმსახურა.

ფრანჩესკო ტოტი – 2016 წელს ვეტერანი იტალიელი “რეალთან” მატჩში შეცვლაზე ჩაერთო, რასაც ტრიბუნებიდან აპლოდისმენტები მოჰყვა. იგივე გამეორდა თამაშის შემდეგაც - “სანტიაგო ბერნაბეუს” პუბლიკამ მისი ღვაწლი არ დაივიწყა და ტაშის ფონზე გააცილა.

ანდრეს ინიესტა – სულ რაღაც სამი დღის წინ, “ბარსელონა” “იუვენტუსს” სტუმრობდა. მატჩის მიწურულს ანდრეს ინიესტა კატალონელთა თავკაცმა შეცვალა, ხოლო ლეგენდარულ ესპანელს ადგილობრივი პუბლიკა ფეხზე წამოუდგა. ინიესტას იგივე პატივი მანამდე “რეალის” გულშემატკივრებმაც მიაგეს.

რონალდო – 2003 წელს “ოლდ ტრაფორდის” ყურადღების ქვეშ რონალდო მოექცა. ბრაზილიელმა “მანჩესტერის” კარში ჰეთ-თრიქი შეასრულა და “წითელი ეშმაკები” ჩემპიონთა ლიგის მიღმა დატოვა. მიუხედავად ამისა, ინგლისელმა ქომაგებმა “ფენომენი” აპლოდისმენტებით გააცილეს.

ლიონელ მესი – მესიმ 2009 წელს კოპა დელ რეის შეხვედრაში მადრიდის “ატლეტიკოს” სამი გოლი გაუტანა. მაშინ 22 წლის არგენტინელი “ვისენტე კალდერონმა” აპლოდისმენტებით დააჯილდოვა.

ლორი კანინგემი – ინგლისელმა ფეხბურთელმა “კამპ ნოუზე” ელ კლასიკოში” დუბლი 1980 წელს გაიფორმა. კატალონელმა გულშემატკივრებმა მის მიმართ აპლოდისმენტები არ დაიშურეს.

ანდრეა პირლო – ლეგენდარული იტალიელისადმი ტაში “სანტიაგო ბერნაბეუზე” არ დაიშურეს. თანაც, ორჯერ. 2013 და 2015 წლებში, როდესაც მადრიდის ტურინის “იუვენტუსი” სტუმრობდა, პირლო ადგილობრივი პუბლიკის ყურადღების ცენტრში იყო.

0.123673