საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი გერმანიასთან მატჩის წინ ამბობს, რომ ასეთ რთულ შეხვედრაში გამოჩნდება ჩვენი გუნდის კონკურენტუნარიანობა.
“პირველ ყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ მარკოიშვილი გუნდს ორი დღის წინ შემოუერთდა, ხოლო დიქსონი გუშინ, რაც ძალიან სასიხარულო ამბავია. მიუხედავად ამისა, რთულ მდგომარეობაში ვართ. ბევრი გამოცდილი მოთამაშე გვაკლია, როგორებიც არიან ცინცაძე, სანაძე, ბურჯანაძე, რომელმაც ოპერაცია გაიკეთა. მხოლოდ ორი დღეა რაც შევიკრიბეთ და ასეთ მცირე დროში გუნდის შეთამაშება რთულია. ასეთ რთულ შეხვედრაში გამოჩნდება, თუ როგორი კონკურენტუნარიანები ვართ. ჩვენი მოთამაშეებისგან ბოლო წამამდე ბრძოლას ველით”- განაცხადა ზუროსმა კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურთან საუბრისას.
მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის სასტარტო მატჩი გერმანიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის ქალაქ ქემნიცში დღეს, თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.