კალათბურთში მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში საქართველო გასვლაზე გერმანიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე საქართველოს ეროვნული ნაკრების უკანახაზელმა მაიკლ დიქსონმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ გუნდს მოგება სურს.
“რთული თამაში იქნება, რადგან გერმანია შინ თამაშობს და გულშემატკივრის უპირატესობა ექნება. ჩვენ ის უნდა გავაკეთოთ, რაც ყველაზე უკეთ ვიცით და რითაც აქამდე მოვედით. გუნდში ბევრი ახალი სახე გვყავს. ჩვენი მიზანი გამარჯვებაა. ერთი სული მაქვს თამაში როდის დაიწყება”- განაცხადა დიქსონმა.
გერმანიისა და საქართველოს ნაკრებთა შეხვედრა ქალაქ ქემნიცში, დღეს, თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.