ასეთ კულმინაციას ნებისმიერი რანგის ჩემპიონატში ინატრებდნენ. ეროვნული ლიგის ჩემპიონის ვინაობა ბოლო ტურში, “დინამოსა” და “ტორპედოს” შეხვედრაში გაირკვევა. მოკლედ, თამამად შეგვიძლია აღნიშნულ თამაშს ფინალი დავარქვათ.
“დინამოს” ჩემპიონობის განაღდება 35-ე ტურში შეეძლო, ამისთვის საჭირო იყო “საბურთალო” დაემარცხებინა, თუმცა ასე არ მოხდა. კახა კაჭარავას გუნდმა თანაქალაქელთან 3 ქულა ვერ მოიპოვა და მხოლოდ უგოლო ფრეს დასჯერდა. ისე, შეიძლებოდა, რომ “დინამოს” პირველი ადგილისთვის ქულაც ჰყოფნოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში “ტორპედოს” ვერ უნდა მოეგო.
საქართველოს სამგზის ჩემპიონმა კი შინ ბათუმის “დინამოს” პრობლემების გარეშე სძლია – 2:0. ქუთათურებმა თორნიკე კაპანიძის მეორე ტაიმის დასაწყისში შესრულებული დუბლით მოიპოვეს ესოდენ მნიშვნელოვანი გამარჯვება და სატურნირო ცხრილის სათავეში ძალიან დაიძაბა ვითარება.
ახლა ასეთი სურათია ბოლო ტურის წინ: “დინამოს” 75 ქულა აქვს, “ტორპედოს” – 73. 26 ნოემბერს, თბილისში, “დინამო” და “ტორპედო” ერთმანეთს შეხვდებიან. როგორც ხედავთ, სტუმრებს მხოლოდ სამი ქულა დააკმაყოფილებთ, მასპინძლებს კი ფრეც ხელს მისცემთ. ვნახოთ რა გამოვა. ცალსახაა, რომ ეროვნულ ლიგის ფინიში ერთობ საინტერესო გამოვიდა. ფინალის ტოლფასი შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება.
ეს საჩემპიონო რბოლას რაც შეეხებოდა, ახლა სხვა მატჩებზეც – ბოლო ტურში ჩემპიონობის გარდა, ერთადერთი ინტრიგა ცხრილის ქვედა ნაწილშია. ვინ გავარდება ეროვნულ ლიგა 2-ში და ვინ ითამაშებს პლეი-აუთში. ქობულეთის “შუქურამ” გორში, უმოტივაციო “დილას” შალამბერიძის გოლით აჯობა და შანსი დაიტოვა, რომ ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნოს. ახლა “შუქურა” ფოთის “კოლხეთს” ორი ქულით ჩამორჩება და ყველაფერი შესაძლებელია. თავის მხრივ, “კოლხეთი” საჩხერის “ჩიხურასთან” განადგურდა – 0:4. “შუქურას” 21 ქულა აქვს, “კოლხეთს” – 23. კვირას ქობულეთელები შინ “საბურთალოს” დაუხვდებიან, ხოლო “კოლხეთი” ბათუმის “დინამოს” ესტუმრება.
ევროპა ლიგაზე გასვლის შანსი აქვს “საბურთალოს”, ოღონდ ის საქართველოს თასის ფინალზეა დამოკიდებული. მას მერე, რაც “ლოკომოტივმა” შინ “სამტრედიასთან” წააგო (2:5), მეოთხე ადგილი ოფიციალურად გია ჭიაბრიშვილის გუნდმა გაიფორმა. ეს კი ევროსარბიელის საგზურს იმ შემთხვევაში მოიტანს, თუ საქართველოს თასს “ტორპედო” მოიგებს.
მოკლედ, ერთი ტური დარჩა, რომელიც საბოლოოდ ყველა კითხვაზე პასუხს გასცემს. მთავარი კი მაინც ჩემპიონის ბედია: “დინამო” თუ “ტორპედო”?...
“დილა” – “შუქურა” 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 შალამბერიძე (58)
“ლოკომოტივი” – “სამტრედია” 2:5 (1:2)
გოლები: 1:0 არველაძე (24), 1:1 კასრაძე (30), 1:2 მანჯგალაძე (37), 2:2 კიკაბიძე (54), 2:3 რაჟამაშვილი (66), 2:4 რაჟამაშვილი (70), 2:5 მანჯგალაძე (87)
“კოლხეთი” – “ჩიხურა” 0:4 (0:1)
გოლები: 0:1 ტატანაშვილი (42, პენ), 0:2 გაბედავა (47), 0:3 ტატანაშვილი (56), 0:4 გაბედავა (64, პენ)
“ტორპედო” – “დინამო” (ბთ) 2:0 (0:0)
გოლები: 1:0 კაპანაძე (48), 2:0 კაპანაძე (53)
“საბურთალო” – “დინამო” (თბ) 0:0 (0:0)