საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა გელა ბოლქვაძემ (75 კგ) პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩში გუშინ დაწყებულ მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ფინალის გზაზე ბოლქვაძემ უკრაინელი პავლო მოლნარი (2:0), ყაზახი მირაშ ბარშილიკოვი (1:1) და ირანელი პაიამ აბდეჰ სალეჰ ბოვერი პაიანი (2:1) ჩამოიშორა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი თურქ ფაიტჰ ჩენგიზთან დამარცხდა (2:5).
85 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე გურამ ხეცურიანს პოდიუმამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა – რეპეშაჟის ფინალში მან აზერბაიჯანელ ისლამ აბასოვთან წააგო (1:2) და მე-5 ადგილი დაიკავა. ძირითად ბადეში გამოსვლა ხეცურიანმა ნახევარფინალში დაასრულა, მომავალ ჩემპიონთან – უნგრელ ერიკ სზილვასისთან მარცხით (0:3). იქამდე კი სამი ეტაპი დაძლია: რუსეთის ნაკრების წევრ გაჯიმურად ჯალალოვს სასურველი ფრით აჯობა (1:1). ბელარუს ზახარ დმიტრიჩენკას 3:1 სძლია, ხოლო ყაზახ ხუსეინ მუცოლგოვს – 4:1.
გუშინვე, ხალიჩაზე რამაზ ზოიძე (71 კგ) და კუკური კირცხალიაც (98 კგ) გავიდნენ, მაგრამ საპრიზო სამეულები მათ გარეშე შეივსო.
ზოიძემ ჩემპიონატი შვედეთის ნაკრების წევრ ხალიდ კერჩიევის იოლად ძლევით (11:2) გახსნა. შემდეგ ბელარუსი რუსლან აგამალიეუ ჩამოიცილა (4:1). მეოთხედფინალში კი თურქ მურატ დაგთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა (2:3) და ცოტა ხანში ბრინჯაოს შანსიც დაკარგა, რადგან დაგი ნახევარფინალს ვერ გასცდა.
კუკური კირცხალია ძირითად ბადეში, უნგრელი ზოლტ ტოეროეკისა (5:1) და ამერიკელი ბლეიკ რილეი სმიტის (10:4) ძლევის შემდეგ, მეოთხედფინალში მომავალ ჩემპიონთან – რუს ალექსანდრ გოლოვინთან ვეღარას გახდა (0:4). "ბრინჯაოს ნახევარფინალში” კი ბელარუს ბოპემბე არსენ სიჩევთან დამარცხდა (2:7) და საბოლოოდ მე-7 ადგილი დაიკავა.
დღეს მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში: 59, 66, 80 და 130 კილოგრამებში გამოვლინდებიან. საქართველოს დროშის ქვეშ იჭიდავებენ: დავით ჩხარტიშვილი (59 კგ), შმაგი ბოლქვაძე (66 კგ), ლაშა გობაძე (80 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ).
წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.