საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს დიდი ხნის პაუზის შემდგომ ნიკოლოზ ცქიტიშვილი დაუბრუნდა. WORLDSPORT.GE 34 წლის კალათბურთელს ექსკლუზიურად გაესაუბრა და ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებაზე, მსოფლიოს 2019 წლის შესარჩევი ციკლისა და სამომავლო გეგმების შესახებ დაეკითხა.
ნაკრებში დაბრუნება
დიდი ხანია ნაკრებში არ მითამაშია, დაახლოებით 5-6 წელია და ეს ფაქტი ჩემთვის რა თქმა უნდა ძალიან სასიხარულოა. ემოციურად შევხვდი ამ მომენტს.
შანსები მსოფლიოს 2019 წლის შესარჩევ ეტაპზე
ვფიქრობ, ჩვენს გუნდს ბრძოლა შეუძლია. რა თქმა უნდა, შანსი გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ახალგაზრდული გუნდი გვყავს. ზოგს ნაკრებში თამაშის გამოცდილება არ აქვს, მაგრამ საკმაოდ ნიჭიერი ბიჭები არიან. მომავლისთვის დიდ გამოცდილებას მიიღებენ და ეს ძალიან კარგია. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ შევთამაშდეთ და ძირითადად მაინც დაცვაში თამაშზე გვექნება აქცენტი გაკეთებული.
გაახალგაზრდავებული გუნდი და დროის სიმცირე
მცირე დროში შეთამაშება ძალიან რთულია, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მოვასწროთ. ძირითადად ვცდილობთ ფიზიკურ ფორმაში შევიდეთ და ის ტაქტიკა გავიაროთ, რასას მწვრთნელი გვთხოვს. ამ 10 დღეში საკმაოდ კარგი ვარჯიშები ჩატარდა და მგონი ეტყობა გუნდს. პირველ დღეებთან შედარებით დღეს უკვე დიდი სხვაობა იყო.
მომავალი საკლუბო კარიერა
იყო იგივე კლუბებიდან შემოთავაზება, სადაც აქამდე მითამაშია. როგორც იცით, ბოლო წლებია აზიასა და არაბეთში ვთამაშობ. ჩემი გადაწყვეტილება იყო დროებით თბილისში ვყოფილიყავი. მოგეხსენებათ, 20 წელია საზღვარგარეთ ვთამაშობ, თბილისში ყოფნას იშვიათად ვახერხებდი და ნოსტალგია გამიჩნდა ბოლო დროს, თან ვფიქრობდი, რომ ნაკრებს დავხმარებოდი. ეს იყო ჩემი გეგმა. ალბათ სანაკრებო მატჩების შემდეგ 3-4 დღეში წავალ სათამაშოდ.
ჩემით რამდენიმე გუნდია დაინტერესებული, თუმცა ჯერ დაზუსტებით მეც არ ვიცი”, - გვითხრა ცქიტიშვილმა, რომელმაც საქართველოს ნაკრებთან ერთად ბოლოს 2013 წლის ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა.
რაც შეეხება მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ შეხვედრას, საქართველოსა და გერმანიის ნაკრებთა დაპირისპირება 24 ნოემბერს, ქალაქ ქემნიცში გაიმართება.