საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ის 12 კალათბურთელი დაასახელა, ვინც ჩვენი ქვეყნის ღირსებას დაცავს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მოახლოებულ მატჩებში.
საქართველოს ნაკრები შემადგენლობა ასეთია:
მანუჩარ მარკოიშვილი ("რეჯანა", იტალია), მაიკლ დიქსონი ("სტრასბური", საფრანგეთი), გოგა ბითაძე ("მეგა ბიმაქსი", სერბეთი), ნიკა ცქიტიშვილი (უგუნდოდ), მერაბ ბოქოლიშვილი („ოლიმპი“), ლევან ფაცაცია („დინამო“), აკაკი დვალიშვილი („ქუთაისი“), რევაზ როგავა („ოლიმპი“), მიხეილ ბერიშვილი („დინამო“), ანატოლი ბოისა („კაკტუსი“), ბექა ბექაური („ქუთაისი), ნიკა დარბაიძე („ოლიმპი“).
საქართველოს ნაკრების ქვეჯგუფში გერმანიის, სერბეთისა და ავსტრიის ნაკრებებთან ერთადაა. ჯგუფიდან სამი საუკეთესო გუნდი მეორე შესარჩევ ეტაპზე გადაინაცვლებს.
საქართველოს ნაკრები ისტორიულ შესარჩევ ეტაპს გერმანიაში მატჩით გახსნის. საგულისხმოა ისიც, რომ ილიას ზუროსის გუნდი ზედიზედ სამ გასვლით შეხვედრას ჩაატარებს და მეორე წრეში უკვე საშინაო მატჩები ელოდება.
24 ნოემბერი, ქემნიცი. გერმანია - საქართველო
27 ნოემბერი, ბელგრადი. სერბეთი - საქართველო
23 თებერვალი, ავსტრია (ქალაქი ჯერ არაა ცნობილი). ავსტრია - საქართველო
25 თებერვალი, თბილისი. საქართველო - გერმანია
29 ივნისი, თბილისი. საქართველო - სერბეთი
2 ივლისი, თბილისი. საქართველო - ავსტრია
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პირველად ითამაშებს. თუმცა, ისტორიულ საკვალიფიკაციო ეტაპს საქართველო სერიოზული დანაკლისით ხვდება. ტრავმების გამო გუნდს დუდა სანაძე, გიორგი ცინცაძე და ბექა ბურჯანაძე დააკლდნენ. გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია თავიანთმა კლუბებმა ევროლიგაში თამაშის გამო არ გაათავისუფლეს, ხოლო ზაზა ფაჩულიამ და ვიქტორ სანიკიძემ სანაკრებო კარიერა დაასრულეს.
ფაქტობრივად, გამოდის, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ახალი ფორმაციის საქართველოს ნაკრები წარსდგება.