საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ზებედა რეხვიაშვილი (81 კგ) ჰააგაში გასულ უქმეებზე გამართულ გრან პრიზე საპრიზო სამეულს მიღმა დარჩა. ჰოლანდიურ ტატამზე სულ 42 ქვეყნის ნაკრები გავიდა. მედლები მამაკაცთა და ქალთა 7-7 წონით კატეგორიაში გათამაშდა. საქართველოს სახელით კი პრესტიჟულ შეჯიბრებაში მხოლოდ ერთი სპორტსმენი ჩაება.
ევროპის ბრინჯაოს პრიზიორმა 26 წლის რეხვიაშვილმა გრან პრი პოლონელ დამიან ზვარნოვეცკისთან დაჭიდებით გახსნა და მეტოქეს წუთსა და 17 წამში სძლია. მეოთხედფინალში კი გერმანელ დომინიკ რესელთან ვაზარის უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, სამი გაფრთხილებით დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ჩაება.
რეპეშაჟის ნახევარფინალში ზებედა რეხვიაშვილმა ირანელ საეიდ მოლაეისთან მე-8 წუთის დასაწყისში წააგო და ჰოლანდიური გრან პრი მე-7 ადგილით და 182 სარეიტინგო ქულით დაასრულა.
81 კილოგრამ წონით კატეგორიაში პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე რუსი ივან ვორობიოვი ავიდა, ფინალში რესელის ძლევით. მოლაეი და ბელგიელი მატიას კასე კი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.
ჰააგის ჩემპიონთა შორისაა საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი ბეთქილ შუკვანი (60 კგ), რომელიც ბოლო წლებში ბექირ ოზლუს სახელით, თურქეთის დროშის ქვეშ გამოდის.