- მიკვირს, ეს “მაკარონშიკები“ ასე დარწმუნებულები რატომ იყავით - იტალიის ნაკრები მსოფლიოზე გავაო. აკი გეუბნებოდი, ამ გუნდით გასვლა და არგასვლა ერთი იქნება - მეთქი.
- იმის მაგივრად მომისამძიმრო და მხარზე ხელი დამადო, დამდგარხარ აქ და მამუნათებ. ფეხბურთი ეგეთი რამეა - რომ არ მოელი, მაშინ დაგეცემა თავზარი და მაშინ აებლანდება ბურთი ფეხებში იმას რა ქვია, იმას...
- აი ხომ ხედავ, ისეთი დრო დაგიდგათ, იტალიის ნაკრების თავმდამსხმელების გვარებსაც კი ვეღარ იხსენებთ და ეგეთ გუნდს მსოფლიო ჩემპიონატზე რა უნდოდა? შეიძლება ჯობდა კიდეც რომ ვერ გახვედით, თორემ იქ შერცხვენა “ზემელის“ წამალივით გქონდათ გამოწერილი.
- მსოფლიო ჩემპიონატი თორემ ახლა ეგეც მართლა დიდი რამე იყოს რა... კრასნოდარებში და ნოვგოროდებში გამართული ჩემპიონატი რა ვთქვი მე...
- მაგას ახლა ამბობ როცა ვერ გახვედით, თორემ შვედეთთან გამოვარდნამდე რაღაც არ გამიგია შენგან კრასნოდარის დაწუნება.
- მოიცა ახლა რა. კარგია ჩემპიონატი რუსეთში რომ იმართება? როდესმე მითქვამს, რომ ეს მომწონს?...
- შენ ისიც არ გითქვამს - ვოცნებობ იტალია რუსეთის მუნდიალზე არ მოხვდესო. ახლა გახდით ეს იტალიელები დიდი “რუსეთის მოძულეები“. პუტინის ძმაკაცი სილვიო ბერლუსკონი არსად დაგეკარგოთ!
- სილვიო ბერლუსკონი მე კი არ ამირჩევია. ვინც აირჩია, ისინიც მიხვდნენ რომ მიქარეს და ხომ ხედავ, როგორც აირჩიეს ისე გადაირჩიეს და ორი წლის წინ სილვიოს საციხედაც კი ქონდა საქმე.
- “საციხედაც ქონდა საქმე“ არ ითვლება, ისევე როგორც შვედეთთან შექნილი თქვენი ნახევარმომენტები არ ითვლება საგოლე მომენტებად. აი მართლა რომ დაეჭირათ ბელუსკონი -ეს სულ სხვა საქმე იქნებოდა...
- კაცს სასამართლომ მთელი წლის მანძილზე რომის ქუჩების დასუფთავება მიუსაჯა. ცოცხს ვერ აგდებინებდნენ ხელიდან და მეტი ახლა რაღა უნდა ექნათ. დახვრეტა და წამება თქვენს საყვარელ რუსეთში მოიკითხეთ.
- კიდევ რუსეთში რომ ახსენებ არ გერიდება კაცო? არადა ხომ იძახიან, ჩამოხრჩობილის ოჯახში თოკი არ უნდა ახსენოთო.
- სულ ასე კი არ იქნება. მოიცადეთ ცოტა ხანი და ჩვენც გვეყოლება საჩემპიონო გუნდი. ჩავარდნები ყველას აქვს. ეს ვის უკვირს.
- არ მიკვირს კაცო. თქვენგან აღარაფერი მიკვირს. ერთადერთი ის მიკვირს, მაინც დიდ გულზე რომ ხართ და იხტიბარს არ იტეხთ.
- აბა სულ რომ ვიწუწუნო - ჰოლანდიის გულშემატკივარი კი არა ვარ.
- დაანებე ჰოლანდიას თავი, საკუთარი გაჭირვებაც ეყოფა. ის არ მითხრა ახლა, ჰოლანდიის ნაკრების ვერგასვლაც გულთან მაქვს მიტანილიო.
- რატომაც არა! უჰოლანდიო და უიტალიო მუნდიალი ვის რად უნდა. უყურეთ ახლა რუსეთისა და ეგვიპტის თამაშს და ისიამოვნეთ.
- მაგას შენ უყურე. მე კი გერმანია-არგენტინის კიდევ ერთი დიდი ჯახით დავტბები.
- კი დატკბები, მანამდე რუსეთის გუნდი თუ არ გადაეყარა რომელიმეს თავისი მსაჯებიანად და მაფიოზებიანად.
- მაფიოზებზე შენ ლაპარაკობ?
- იტალიაში მაფია მოკვდა კარგა ხანია. არ იცოდი?
- მართალია. მაფია მოკვდა და ვენტურა ცოცხალია! ვენტურაზე რომ გუნდს დაუდგება საქმე...