ფეხბურთი

21:12 | 19.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

მორე – ნაღდი ფეხბურთელი, ნაღდი ადამიანი

...18 წლისა იყო, როცა უეფას თასზე ინგლისის “ლიდსს” გოლი გაუტანა. მაშინ ზაპოროჟიეს “მეტალურგში” თამაშობდა, ხოლო ლიდსელებს გუნდი ჰყავდათ, ნუ იტყვით, პრემიერლიგის ტოპ-ოთხეულში შედიოდნენ, ხოლო ამ გოლამდე ერთი წლით ადრე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშეს.

ირაკლი მოდებაძეზე ვწერთ, რომელმაც კარიერა დაასრულა. გორში, “დილა”-“საბურთალოს” მატჩის დაწყებამდე გამოაცხადეს ამის შესახებ და “მორეს” (როგორც ეძახიან) 100-ნომრიანი მაისურა გადასცეს. ასიანი იმიტომ, რომ ზუსტად ამდენი თამაში მოუგროვდა გორელთა გუნდში.

ქომაგებმაც პატივი სცეს, როგორც ფოტოდანაც ჩანს.

ხუთ წელიწადზე მეტია, რაც მოდებაძე “დილაშია”. ცოტა ხანი გაატარა თბილისის “დინამოში” და ისევ “დილას” დაუბრუნდა, სადაც ყველაზე უკეთ გამოსდიოდა თავისი ხელობა. გამოიარა ევროტურნირები, თავისი ანორთოსის-ოლბორგ-ჰაიდუკების გაგდებით...

შარშანწინ “დილა” საქართველოს ჩემპიონი გახდა (პირველად ისტორიაში) და ვეჭვობთ, “მორეს” გარეშე ეს ვერ გამოვიდოდა. “მორეს” გადამწყვეტი გოლები ჩაერია საჩემპიონო საქმეში.

კარგი სახელი დატოვა რუსთავის “მეტალურგშიც”, სადაც ასევე ხშირად გაჰქონდა.

33 წელი თითქოს რა არის, მაგრამ მუხლი აღარ უშვებდა “მორეს”. იმდენი გაუცდა და ისე ხშირად, რომ კიდევ კარგად გაუძლო. ეს სეზონიც, აბა, რა გამოვიდა, ზაფხულში დაბრუნდა და ჩანდა, ის “მორე” აღარ იყო.

მოდებაძეს იცნობენ, როგორც თავმდაბალ და ზრდილობიან პიროვნებას. საფეხბურთო სამყაროში. არაფერი არ იმალება: ვიცით, არაერთი ახალგაზრდისთვის სწორედ “მორე” იყო მაგალითი თავისი ადამიანობითა და საქმისადმი მიდგომით, ეს კი ძალიან ძვირფასი თვისებაა.

0.117207