იტალიის სერია A-ში ზედიზედ მეორე თამაში მოიგო მანუჩარ მარკოიშვილის “რეჯანამ” და სატურნირო ცხრილის ბოლოს საფეხურს თავი დააღწია. რეჯიო ემილიელებმა მერვე ტურში “კრემონას” სტუმრად დაძაბულ ბრძოლაში აჯობეს – 71:68.
თამაში 40 წუთის განმავლობაში თანაბრად მიმდინარეობდა. პირველი ტაიმის მერე საერთოდ საყაიმო ანგარიში ფიქსირდებოდა. თუმცა, მეორე ნახევარში სტუმრებმა ოდნავ უკეთ ითამაშეს – მესამე პერიოდი ორი ქულით, ხოლო მეოთხე ერთით მოიგეს და საბოლოოდ, სამქულიანი უპირატესობისთ დაასრულეს შეხვედრა.
აღნიშნულ გამარჯვებაში თავისი წვლილი მანუჩარმაც შეიტანა. ქართველი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 32 წუთიც დაჰყო პარკეტზე. მარკოიშვილმა ხსენებულ დროში 9 ქულა, 7 მოხსნა და 2 ჩაჭრა გაახერხა.
ჩვენებურმა 6-დან ერთი ორქულიანი, 5-დან ორი სამქულიანი და 2-დან ერთი საჯარიმო ჩააგდო. 7 მოხსნიდან კი 3 მეტოქის ფარზე მიითვალა.
მანუჩარი თანაგუნდელებს შორის შედეგიანობით მხოლოდ იულიან რაიტს (18 ქულა) და ამადეო დელა ვალეს (24 ქულა) ჩამორჩა.
“რეჯანას” რვა ტურში 2 მოგების წილ 6 წაგება აქვს და მხოლოდ მე-13 ადგილზე იმყოფება. რეჯიო ემილიელები მომდევნო მატჩს 3 დეკემბერს, შინ “ოლიმპია მილანოსთან” გამართავენ.