ეროვნული ლიგის დასრულებამდე ორი ტურით ადრე საჩემპიონო ინტრიგა შენარჩუნდა. ქუთაისის “ტორპედომ” 34-ე ტურში თავისი შეხვედრა მოიგო და 4 ქულიანი სხვობა მასსა და “დინამოს” შორის შენარჩუნდა.
ქუთათურებმა იცოდნენ, რომ თუ ვერ მოიგებდნენ, ჩემპიონობის ყოველგვარ შანსს დაკარგავდნენ, ამიტომაც “ჩიხურასთან” დასაკარგი გზა მოჭრილი ჰქონდათ. “ჩიხურასთვის” კი, რომელიც მასპინძელი იყო, სატურნირო თვალსაზრისით არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა მატჩს.
საქართველოს სამგზის ჩემპიონი პირველი ტაიმის შუაში დაწინაურდა: გრიგოლ დოლიძემ ითამაშა ჩინებულად მარჯვენა ფლანგზე და მახვილი კუთხიდან ლამაზი გოლი შეაგდო. დოლიძის გარჯა დასაფასებელია, თუმცა უნდა აღვნიშნოთ დინო ჰამზიჩის შეცდომაც, რომელმაც ახლო კუთხე ვერ დაიცვა.
პირველ ტაიმში არაფერი შეცვლილა, სამაგიეროდ, მეორე ნახევარი უფრო შედეგიანი გამოვიდა. ჯერ მასპინძლებმა გაათანაბრეს: ირაკლი ლექვთაძის ინდივიდუალურ თამაშს თორნიკე გორგიაშვილის შორეული, ლამაზი გოლი მოჰყვა. ეს ანგარიში ნიშნავდა, რომ “დინამო” ოქროს მედლებს ინაღდებდა, ამიტომაც, კახა ჩხეტიანის გუნდი ისევ შეტევაში წავიდა და მალევე, შედეგი მოიმკა. თორნიკე კაპანაძემ ითამაშა კარგად და ყველაფერი იქამდე გააკეთა, სანამ “ჩიხურას” კაპიტანმა ლაშა ჩიკვაიძემ საკუთარ კარში არ გაიტანა გოლი. წერტილი კი ისევ დოლიძის აქტიურობის შედეგად დაისვა და ისევ ჩიკვაიძე იყო მოვლენების ეპიცენტრში – დოლიძემ ძელს მოარტყა ბურთი, რომელიც საჩხერელთა მცველს მიუვიდა. იმის მაგივრად, რომ საჯარიმოდან გამოეტანა ბურთი, დაახანა და გიგაურმა მოპარა – ყველაფერი კი ლევან კუტალიას ზუსტი დარტყმით დასრულდა და საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა – 1:3.
წინ ორი ტურია, “ტორპედო” “დინამოს” 4 ქულით ჩამორჩება. ხსენებული ორი მატჩიდან გუნდებს ერთმანეთთან აქვთ სათამაშო, ოღონდ ეს ბოლო ტურში. და კიდევ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს შეხვედრა საქართველოს თასის ფინალის გენერალური რეპეტიციაც იყო – 2 დეკემბერს, გორში, სწორედ “ტორპედო” და “ჩიხურა” შეხვედებიან სატიტულო შეხვედრაში ერთმანეთს.
“ჩიხურა” – “ტორპედო” 1:3 (0:1)
თბილისი, “მიხეილ მესხი”
“ჩიხურა: ჰამზიჩი, გრიგალაშვილი, მირცხულავა, გაბედავა, სარდალიშვილი, კაკუბავა, ლექვთაძე (კორიფაძე 78), კვერნაძე (ცხადაძე 61), ჩიკვაიძე, დობროვოლსკი (ფონიავა 80), გორგიაშვილი
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
“ტორპედო”: კვასხვაძე, ტაბატაძე, ხურცილავა, მამასახლისი (გიგაური 59), კაპანაძე, ფალავანდიშვილი, გურული, კუტალია (ბერიაშვილი 86), დოლიძე (კორობკა 83), ქიმაძე, ტუღუში
მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
გოლები: 0:1 დოლიძე (25), 1:1 გორგიაშვილი (55), 1:2 ჩიკვაიძე (59 ა.გ), 1:3 კუტალია (70)
გაფრთხილება: დობროვოლსკი (19), გაბედავა (43) – მამასახლისი (28)
მსაჯი: ა. ნონიკაშვილი