მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დასრულდა და 2018 წელს რუსეთში გასამართი უმთავრესი საფეხბურთო ფორუმის 32-ვე მონაწილე ცნობილია. ახლა გუნდები კენჭისყრას ელიან, რომელიც 1 დეკემბერს მოსკოვში ჩატარდება.
კენჭისყრის წინ, მუნდიალის მონაწილე ქვეყნების ნაკრებები ფიფამ, მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული რეიტინგის მიხედვით, ოთხ კალათაში გადაანაწილა. პირველი კალათა რეიტინგის მოწინავე 7 გუნდით და ტურნირის მასპინძელი რუსეთის ნაკრებით დაკომპლექტდა.
კალათა 1: რუსეთი, გერმანია, ბრაზილია, პორტუგალია, არგენტინა, ბელგია, პოლონეთი, საფრანგეთი
კალათა 2: ესპანეთი, პერუ, შვეიცარია, ინგლისი, კოლუმბია, მექსიკა, ურუგვაი, ხორვატია
კალათა 3: დანია, ისლანდია, კოსტა-რიკა, შვედეთი, ტუნისი, ეგვიპტე, სენეგალი, ირანი
კალათა 4: სერბეთი, ნიგერია, ავსტრალია, იაპონია, მაროკო, პანამა, სამხრეთ კორეა, საუდის არაბეთი.
ფინალურ ეტაპზე ერთ ჯგუფში, ისევე როგორც აქამდე, კონფედერაციიდან ერთ გუნდზე მეტი ვერ მოხვდება. გამონაკლისი მხოლოდ უეფაა, რომელსაც შეიძლება ერთ ჯგუფში ორი გუნდი ჰყავდეს.
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის გახსნის მატჩი 14 ივნისს გაიმართება, ფინალური შეხვედრა კი 15 ივლისს.